საქართველოში საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი მიმდინარეობს, გამარჯვებისთვის 22 გუნდი იბრძვის
ამ წუთებში, საქართველოში საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს. გამარჯვებულები რამდენიმე საათში გამოვლინდებიან. ცნობილია, რომ ჰაკათონზე 115 ადამიანი, ანუ 29 გუნდი დარეგისტრირდა, რომლისგანაც 22 გუნდი შეირჩა. მონაწილეები ახლა საბოლოო შედეგებს ელოდებიან.
ილიაუნის ორგანიზებით, საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი Georgia - Educational Games Hackathon, საქართველოში საერთაშორისო პროექტის — DigiEduHack ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიება ორი დღის განმავლობაში, მთელს მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს, ხოლო მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა.
საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი Georgia - Educational Games Hackathon 12 ნოემბერს გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით, ნანა დიხამინჯიამ და ილიაუნის ფაბლაბის მენეჯერმა, ავთანდილ მღებრიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ორი დღის განმავლობაში, მონაწილეებს მენტორობას უწევდნენ სფეროს სპეციალისტები და პარალელურად, ტარდებოდა ლექციები ისეთ თემებზე, როგორიცაა "საგანმანათლებლო თამაშები – განათლების მომავალი", "სკოლების მდგომარეობა საგანმანათლებლო რესურსებთან მიმართებაში" და "გემიფიკაცია – მომხმარებლის გამოცდილების შექმნა".
დღეს, 13 ნოემბერს, გაიმართება მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც გამოვლინება ერთი გამარჯვებული გუნდი გლობალურ ეტაპზე საასპარეზოდ. გუნდებს გერმანიის ევროსაბჭოს პრეზიდენტობა შეაფასებს. მათ მიერ გამოვლენილი გამარჯვებული 10 გუნდის პროექტები კი აიტვირთება ჰაკათონის ოფიციალურ საიტზე, სადაც ხმის მიცემის პრინციპით, დეკემბრის ბოლომდე გამოვლინდება გამარჯვებული.
DigiEduHack, EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი) ინიციატივა, ხორციელდება ევროკომისიის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიებაში, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს, გუნდები მთელი ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნებიდან ერთიანდებიან, განათლების უკეთესი მომავლის შესაქმნელად. წელს ჰაკათონის მთავარ ეტაპს გერმანიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა მასპინძლობს. ჰაკათონი მოუწოდებს მონაწილეებს, შეიმუშავონ საინტერესო გადაწყვეტები და შექმნან პროტოტიპები საგანმანათლებლო თამაშების მიმართულებით.
რაც შეეხება პრიზებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს 1500 ლარის ოდენობით, რომელსაც იგი ილიაუნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ რჩეულ გუნდს გადასცემს; ჰაკათონს პარტნიორობას უწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო, რომელიც თავის რჩეულ გუნდს გადასცემს პრიზს 1500 ლარის ოდენობით; ჰაკათონის პარტნიორია TBC for Youth – თიბისი ახალი თაობისთვის, რომელიც გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს გადასცემს ტექნიკის მაღაზიის 1000-ლარიან ვაუჩერს და ბრენდირებულ საჩუქრებს;
გარდა ამისა, ჰაკათონის პარტნიორები არიან Sector 3 და ფონდი პროდემოსი, რომლებიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემენ პრიზს 2000 ლარის ოდენობით; ჰაკათონის პარტნიორია კომპანია Alta, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემს სპეციალურად დაწესებულ პრიზს – Lenovo ThinkPad X1 ANC-ის ყურსასმენებს.
ასევე, ჰაკათონის პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA • Tech Park), NEXT.On.ge, Marketer.ge და CG Georgia.
კომენტარები