საქართველოს ბანკის კამპანია "გზა სულ არისის" ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლის ბოლოს ვხვდებით კადრს, რომელშიც ამ მოწოდებას სტრატოსფეროში ვხედავთ. ეს ამ შთამბეჭდავი ვიდეორგოლისთვის შესაფერისი დასასრულია, თუმცა, ამის მიღმა საკმაოდ კომპლექსური ტექნოლოგიური ცოდნა და დაბრკოლებები დგას, რადგან უნდა ითქვას, რომ კამერის სტრატოსფეროში გაშვება არც ისე მარტივი საქმეა.

სტრატოსფერული ფრენა რაკეტით ან ჰელიუმის მოდულით ხორციელდება ხოლმე, ამათგან მეორე უფრო ხელმისაწვდომი საშუალებაა. მეტეოროლოგიური ბურთები და კლიმატის შემსწავლელი დანადგარები მსგავს ფრენებს ხშირად ასრულებენ.

"გზა სულ არის" მოდულმა 40 000 მეტრს (40 კილომეტრს) მიაღწია, მაშინ როცა კომერციული თვითმფრინავები 10 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავენ", — ამბობს თორნიკე რეხვიაშვილი, პროექტის ტექნიკური დირექტორი.

კამერის სტრატოსფეროში გაშვება გარკვეულ სირთულეებთანაა ასოცირებული. ხმელეთიდან 40 კილომეტრის სიმაღლეზე საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა, შესაბამისად, როგორც პროექტზე მომუშავე გუნდში ამბობენ, კამერას, ამ შემთხვევაში GoPro 8 Hero+-ს, შესაფერისი ინსულაცია დაჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ თბოიზოლაცია კამერას გაყინვისგან იცავს, ის გადახურების საფრთხეს ქმნის. შესაბამისად, საჭირო გახდა მოდულის ტემპერატურის გაწონასწორება.

როგორც პროექტზე მომუშავე გუნდში გვიყვებიან, მოდულის აფრენა 1 საათი 41 წუთი და 15 წამი გრძელდებოდა, ხოლო დაშვებას 49 წუთი და 38 წამი დასჭირდა. გამოყენებული კამერა, გაშვების ადგილიდან 127 კილომეტრის მოშორებით, წყალტუბოს მიმდებარე ტყეში, პარაშუტით უსაფრთხოდ დაეშვა.

აღსანიშნავია, რომ მოდულის ძიებისას კიდევ ერთ პრობლემა შეიქმნა, პარაშუტი დიდ ხეს გამოედო, რომლის ჩამოხსნასაც დიდი დრო დასჭირდა.

მართალია, კამერის სტრატოსფეროში გაგზავნა სირთულეებს უკავშირდება, თუმცა, კამპანიის ეს დეტალი მის შინაარსს იდეურად კარგად ეხმიანება. მიუხედავად სირთულეებისა, პროექტის ამ ნაწილზე მომუშავე გუნდმა გამონახა გზა იმისათვის, რომ კამერა დედამიწიდან 40 კილომეტრის სიმაღლეზე გაეგზავნა. როგორც გუნდში ამბობენ, ასე, მინიმალური რესურსებით მაქსიმალური შედეგის მიღწევა გახდა შესაძლებელი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "გზა სულ არის".