Tinder-ის ვიდეოჩატის ფუნქცია გლობალურად ამოქმედდა
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასა და აშშ-ის რამდენიმე შტატში ფუნქციის ტესტირების შემდეგ, პირისპირ ვიდეოჩატის მხარდაჭერა ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ახალი ფუნქცია მნიშვნელოვანია იმით, რომ პარტნიორებს უკეთ შეუძლიათ გაიცნონ ერთმანეთი, პირისპირ შეხვედრის ან გარე ვიდეოზარის აპლიკაციების გამოყენების გარეშე.
Tinder-ის წარმომადგენლის თქმით, ვიდეოჩატის ფუნქციაში მინიმუმამდეა დაყვანილი კონფიდენციალობასთან დაკავშირებული რისკები და აქ მომხმარებლის უსაფრთხოება უმთავრესია.
ფუნქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ორივე მომხმარებელს ვიდეოჩატის მხარდაჭერა ექნება გააქტიურებული, რის შემდეგაც, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ დააჭიროთ ვიდეოკამერის ღილაკს ჩატის ფანჯარაში.
ვიდეოჩატის გამოყენების დროს ორივე მომხმარებელი უნდა ეთანხმებოდეს Tinder-ის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, ორივე მოსაუბრის კამერა უნდა იყოს ჩართულ მდგომარეობაში და გამოსახულება — მკაფიო. აპლიკაცია დაგეხმარებათ ასევე საუბრის დროს საკუთარი თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოთ — ზარის დასრულების შემდეგ კი აპლიკაცია შემოგთავაზებთ ზარის ხარისხის შეფასებას.
Tinder მომხმარებლებს ვიდეოჩატთან დაკავშირებით რამდენიმე პრაქტიკულ რჩევასაც აძლევს. მათ შორის, მიგითითებთ ვიდეოჩატისთვის ხელსაყრელ დროზე. აპლიკაცია ასევე მოგცემთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ვიდეოჩართვისას.
ცხადია, რომ მშრალ მიმოწერასა და ფიზიკურ შეხვედრებს შორის ოქროს შუალედი ზუსტად ვიდეოზარზე გადის, რადგან ამ გზით თქვენ გეძლევათ საშუალება უკეთ გაიცნოთ პარტნიორი და გაიგოთ, რამდენად მოგწონთ ერთმანეთი. მიუხედავად Tinder-ის გუნდის მცდელობისა, გასათვალისწინებელია, რომ ვიდეოზარების დროს სექსუალური შევიწროვების საფრთხე მაინც აქტუალურია.
კომენტარები