როგორ ემალება მალარიას გამომწვევი პარაზიტი ადამიანის იმუნურ სისტემას
"მშრალ სეზონზე, როცა აფრიკის მოსახლეობას კოღოები ყველაზე ნაკლებად აწუხებენ, მალარიას პარაზიტებს ახალი მასპინძლის პოვნა უჭირთ, ამიტომ ისინი ადამიანის სხეულში იმალებიან და ამას დაინფიცირებული ერითროციტების სისხლძარღვებისგან მოშორებით აკეთებენ", განუცხადეს მკვლევარებმა 26 ოქტომბერს Nature Medicine-ს. ამ გზით, დაინფიცირებული უჯრედები სხეულიდან გამოიდევნებიან და ორგანიზმში პარაზიტების გავრცელების დონე მცირდება. შედეგად, ადამიანებში დაავადების სიმპტომების გამოვლენა არ ხდება, ინფექციის გამომწვევი პარაზიტები კი შეუმჩნეველნი რჩებიან იმუნური სისტემისთვის.
ექიმები მალარიას სიმპტომებს დიდი ხნის მანძილზე სწავლობდნენ. ეს დაავადება, რომელიც ხშირად ლეტალური შედეგით სრულდება, კოღოს საშუალებით ვრცელდება. აღმოჩნდა, რომ მშრალი სეზონის დროს მისი სიმპტომები ნაკლებად გამოხატულია და დაინფიცირებული ადამიანის ჯანმრთელობა უმჯობესდება, თუმცა ამის მიზეზი აქამდე უცნობი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკაში მშრალი სეზონი იანვრიდან მაისამდე გრძელდება.
"მშრალი თვეების დროს პასიურ ფაზაში გადასვლა წარმატებული სტრატეგიაა პარაზიტებისთვის", ამბობს მარტინ რანო, KEMRI-Wellcome Trust-ის პარაზიტოლოგი, რომელიც ამ კვლევაში არ მონაწილეობდა. "იმის ცოდნა, თუ როგორ რჩებიან ორგანიზმში მალარიას პარაზიტები დაავადების გამოწვევის გარეშე, დაგვეხმარება მალარიას გაკონტროლებაში მშრალ სეზონზე.
Plasmodium falciparum, პარაზიტი, რომელიც მალარიაზეა პასუხისმგებელი, სისხლის წითელ უჯრედებს - ერითროციტებს, აინფიცირებს. მას შემდეგ, რაც იგი უჯრედში შეაღწევს, ეს პარაზიტი წარმოქმნის ცილას, რომელიც უჯრედს გარედან ეკრობა, ამ ცილის საშუალებით კი, თავის მხრივ, უჯრედი ეკრობა სისხლძარღვებს. შედეგად, პარაზიტის მასპინძელი ერითროციტი სისხლში აღარ ცირკულირებს და ვერ აღწევს ელენთამდე, სადაც, ფილტრაციის შედეგად, პარაზიტი გამოიდევნება სისხლიდან და მთლიანად ორგანიზმიდან.
"ზოგადად, სისხლში პარაზიტი სიცოცხლის მხოლოდ პირველ სტადიებზე ცირკულირებს, შემდეგ სტადიებზე კი ისინი ერითროციტებში მკვიდრდებიან და სისხლძარღვებს ემაგრებიან", ამბობს სილვია პორტუგალი, ბიოლოგი, რომელიც ამ კვლევას ჰაიდელბერგის უნვიერსიტეტში უძღვებოდა. "უცნაური კი სწორედ ის იყო, რომ როდესაც მშრალ სეზონზე ლაბორატორიაში ვსწავლობდით ამ პარაზიტის ქცევას, ისინი სისხლძარღვებს აღარ ემაგრებოდნენ".
მაქს პლანკის ინფექციური ბიოლოგიის ინსტიტუტში პორტუგალმა და მისმა კოლეგებმა მალარიით დაინფიცირებულ 600 ადამიანზე ჩაატარეს კვლევა 2017-2018 წლებში. თავდაპირველად, ამ გუნდმა ორი მთავარი იდეა შეიმუშავა, რომელთა საშუალებითაც პარაზიტების სეზონურობის ახსნა უნდა მოეძებნათ: გენეტიკური მრავალფეროვნება და იმუნიტეტი. შესწავლის შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გენეტიკურად განსხვავებული პარაზიტებს ერთმანეთისგან განსხვავებული სეზონურობა არ ახასიათებთ, არც მასპინძელი სხეულის იმუნურმა სისტემამ შეანელა მათი ზრდის პროცესი.
მაგრამ, როცა მკვლევრებმა მშრალ სეზონებზე უსიმპტომო ადამიანებისა და ნალექიან სეზონებზე სიმპტომებიანი ადამიანებისგან აღებული ნიმუშები შეადარეს, იმის გასაგებად, თუ რომელი გენები იყო ამ პარაზიტებში გააქტიურებული თუ პირიქით, გათიშული, მათ აღმოაჩინეს, რომ 1,607 გენს ჰქონდა მკვეთრად გამოხატული სეზონურობის კვალი. მშრალ სეზონზე, 1,131 გენი იყო გააქტიურებული, რომლებიც ნალექიან სეზონზე პირიქით, არააქტიურ ფაზაში გადავიდნენ. სხვა 476 გენი კი მშრალ სეზონში იყო პასიური პარაზიტებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც ნალექიანი სეზონი დასრულდება, პარაზიტმა შეიძლება თავისი გენები შეცვალოს, რათა ერითროციტები ნაკლებად წებოვანი გახდეს. ამით მათ საშუალება ეძლევათ, რომ გამრავლდნენ და ორგანიზმში არსებობა იმუნურ სისტემასთან ბრძოლის გარეშე განაგრძონ.
"მალარიით დაინფიცირებული სისხლის უჯრედები იყენებენ გარკვეულ ცილებს, რათა სისხლძარღვების კედლებს მიმაგრონ. უჯრედების წებოვნობის შემცირება სავარაუდოდ იმიტომ ხდება, რომ პარაზიტი ნაკლებად ასინთეზირებს ამ ცილას, ან იმიტომ, რომ მის მიერ გამოყოფილი ცილა ნალექიან სეზონზე გამოყოფილისგან განსხვავებულია", ამბობს პორტუგალი.
"მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, კონკრეტულად რომელი გენებია ჩართული ამ ცვლის პროცესში. საინტერესო ისაა, რომ მათ შეადარეს პარაზიტები სიცოცხლის სხვადასხვა სტადიაზე. საბოლოოდ, რომ შევჯერდეთ, რომელი გენები აკონტროლებენ ამ შეწებებას, მკვლევრებს შესაძლოა დასჭირდეთ პარაზიტების შედარება სიცოცხლის ერთსა და იმავე სტადიაზე", ამბობს აბდირაჰმან აბდი, პარაზიტოლოგი KEMRI-Wellcome Trust-დან.
კომენტარები