ცოტა ხნის წინ Airbnb-ის დამფუძნებელმა ბრაიან ჩესკიმ განაცხადა, რომ კომპანია თანამშრომლობას ჯონი აივის LoveFrom-თან იწყებს. LoveFrom Airbnb-ს, მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე, პროდუქციისა და სერვისების დიზაინის შემუშავებაში დაეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ აივი ახლა LoveFrom-ს ხელმძღვანელობს, ის ცნობილი Apple-ში მუშაობისას გახდა, სადაც მან გუნდთან ერთად iPhone-ის, iPad-ის, MacBook Air-ის და Apple Watch-ის დიზაინები შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ აივიმ ტექნოლოგიური გიგანტი 2019-ში, 32 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა, Apple-ში განაცხადეს, რომ კომპანია აივის LoveFrom-თან მუშაობას გააგრძელებდა.

Airbnb-ში არ უთქვამთ, კონკრეტულად რა პროექტებს უხელმძღვანელებს Apple-ის ყოფილი დიზაინერი. თუმცა, როგორც ჩანს, აივი Airbnb-ის აპლიკაციის და ვებგვერდის განახლებაში მიიღებს მონაწილეობას.

Financial Times-ის მოპოვებულ იმეილში, აივი ჩესკის შემდეგს წერს:

"ძალიან მიხარია, რომ ჩვენ მსოფლიოს თანაბარი ცნობისმოყვარეობით ვუყურებთ და ძალიან ვზრუნავთ როგორც კრეატიულ პროცესზე, ისე ახალ იდეებზე. ჩვენ ვისწავლეთ, რომ იდეების თანდაყოლილი სისათუთის მიუხედავად, იდეა შესაძლოა სრულყოფილი და ძლიერი გახდეს".