Johnson & Johnson-მა კორონავირუსის ვაქცინის მესამე ფაზის კვლევა შეაჩერა
ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ Johnson & Johnson COVID-19-ის ვაქცინის მესამე ფაზის კვლევა მას შემდეგ შეაჩერა, რაც ერთი მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურესდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელი კომისია ამ შემთხვევას დეტალურად შეისწავლის და გამოიკვლევს, თუ ჰქონდა ამას რაიმე კავშირი აცრასთან.
დიდი მასშტაბის კვლევებში, როცა მასში ათიათასობით მოხალისეა ჩართული, მსგავსი შემთხვევები მოსალოდნელია. კომპანიაში აცხადებენ, რომ კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულების გამო, ისინი უფრო დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ.
"ჩვენ კვლევის მონაწილის დაავადებას ვსწავლობთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ყველა ფაქტს თავი მოვუყაროთ", — ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა COVID-19-ის ვაქცინის კვლევა წყდება. ერთ-ერთი ასეთი გახმაურებული შემთხვევა ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ერთობლივი პროექტი გახლდათ. მაშინ დიდ ბრიტანეთში ერთ მოხალისეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა. როგორც შემდგომმა მოკვლევამ დაადგინა, კვლევის პროცესის გაგრძელება უსაფრთხო იყო. აღსანიშნავია, რომ ამერიკელ პროვაიდერებთან კვლევის გაგრძელებაზე დისკუსია ამ დრომდე მიმდინარეობს.
ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ Johnson & Johnson ვაქცინის კვლევის მესამე ეტაპი სექტემბრის მიწურულს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 60 ათასი მოხალისის აცრა იგეგმება. აღნიშნული ვაქცინა, AstraZeneca-ს ვაქცინის მსგავსად, კვლევის დასკვნით ეტაპზე იმყოფება. საკუთარ პროდუქტში ორივე კომპანია მოდიფიცირებულ გაციების ვირუსს იყენებს.
ამჟამად, ვაქცინის კანდიდატთა საერთო რაოდენობა 180-ს აღწევს, თუმცა, არც ერთ მათგანს კლინიკური კვლევის პროცესი ბოლომდე ჯერ არ დაუსრულებია.
კომენტარები