Stack-ის გზა წარმატებისკენ — ინტერვიუ გიორგი ლალიაშვილთან
მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა, საქართველოს ბანკის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში, შერჩეული სტარტაპებისთვის ექვსკვირიანი ინტენსიური სააქსელერაციო პროგრამა მოაწყო. პროექტის დასკვნით ეტაპზე შერჩეულ 5 ფინალისტს შორის მოხვდა სტარტაპი Stack, რომლის აღმასრულებელ დირექტორსაც, გიორგი ლალიაშვილს, ამ სტატიიდან უკეთ გავიცნობთ.
Stack პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტიანსა და მოქნილს ხდის. იმაზე, თუ რამდენად პრაქტიკულია სტარტაპის მიერ შემოთავაზებული პროდუქტი, ნათლად საუბრობს კომპანიისადმი არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო ინტერესი.
გარდა იმისა, რომ სთექმა 500 Startups-ის პროგრამაში ხუთ ფინალისტს შორის დაიკავა ადგილი, მან დღეს, 22 სექტემბერს, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან $640 000 ოდენობის ინვესტიციაც მიიღო, რაც ჯამში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული თანადაფინანსების გრანტთან ერთად $850 000 შეადგინა.
"ეს წარმატება ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 12 თვის განმავლობაში ჩვენ საკუთარ დროს სრულად პროდუქტის განვითარებასა და მომხმარებლების ზრდას დავუთმობთ. ჩვენი გათვლებით, ინვესტიციის შედეგად ჩვენ ათჯერ უფრო სწრაფად გავიზრდებით და სამიზნე ბაზრის მნიშვნელოვანი სეგმენტის ათვისებასაც შევძლებთ", — აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ლალიაშვილი.
ამ დიდ წარმატებამდე გიორგის დიდი გზის გავლა დასჭირდა. იგი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ აღმასრულებელი დირექტორის რანგში ყოფნის დროს მას საკუთარ სტარტაპში, გუნდის დანარჩენი წევრების მსგავსად, სხვა ფუნქციების შესრულებაც უწევს.
გიორგიმ წარმატებული Stack-ის შექმნამდე სამი სხვადასხვა კომპანია დააფუძნა და ამით უდიდესი გამოცდილება მიიღო, რაც დღეს მას ძალიან ეხმარება.
გიორგის სტარტაპებთან ხშირი შეხება ჰქონდა იმ პერიოდში, როცა ის ორი წლის განმავლობაში ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი იყო, — "...სხვა მხრიდან დავინახე განსხვავებული კატეგორიების სტარტაპების ძლიერი და სუსტი მხარეები".
გიორგის თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ახლა დგას სტარტაპი, ერთ-ერთი ურთულესიცაა: "ახალი და განსხვავებული პროდუქტის შექმნისა და ვალიდაციის შემდეგ, მნიშვნელოვანია, სწრაფად და მარტივად აუხსნა მომხმარებელს, თუ როგორ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი პროდუქტისგან".
მისივე თქმით, ამ დროს ყველაზე რთული იყო სთექის გამოყენებისას საკუთარი თავის იმ მომხმარებლის ადგილზე წარმოდგენა, რომელიც აღნიშნულ პროდუქტს პირველად ხედავდა: "გვიკვირდა, როგორ ვერ ხვდებოდნენ სთექის სწორ გამოყენებას". გიორგი აღნიშნავს, რომ ამ გამოწვევის გადასალახად ის და მისი გუნდი ამჟამად ზუსტად 500 Startups-თან ერთად მუშაობს.
წარსულ გამოცდილებაზე საუბრისას გიორგი იმ გადაწყვეტილებებსაც იხსენებს, რომლებიც მიღებაც შემდეგ უნანია: "2018 წლიდან დღემდე ბევრი პატარ-პატარა 'ეჰ, ნეტა ასე გვექნა' შემთხვევა გქვონია, თუმცა დღეს თითქმის ყველაფრით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობთ, რომ შეცდომების გათვალისწინებით, დღეს კომპანია ზუსტად ისეთ მდგომარეობაშია, როგორც ვგეგმავდით".
რჩევა დამწყებ სტარტაპერებს
გიორგის, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მომავალი თუ დამწყები სტარტაპერებისთვის რამდენიმე რჩევა აქვს: "გადადგით ყველა ის ნაბიჯი, რომელიც კომპანიას არ მოკლავს, თუნდაც, ეს ნაბიჯი შეცდომას ჰგავდეს, რადგან შეცდომების გარეშე ინოვაციაზე დაფუძნებული კომპანია ვერ გაიზრდება".
მისი მეორე რჩევა კი ასე ჟღერს: "ასევე, ყველას გირჩევთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ სხვა, წარმატებული თუ წარუმატებელი კომპანიების გამოცდილება და მუდმივად ეცადოთ, ისწავლოთ მეტი. ამ გამოცდილების მისაღებად ერთადერთ და მარტივ გზას ვხედავ — საერთაშორისო აქსელერატორის პროგრამაში ჩართვას".
500 Startups-ში მონაწილეობის გამოცდილება
გიორგიმ აქსელერაციის პროგრამა 3 სხვადასხვა აქსელერაციის პროგრამაში გაიარა. მისი შეფასებით, 500 Startups მათ შორის საუკეთესო იყო და, აი, რატომ: "სწორედ აქ დავრწმუნდი კიდევ ერთხელ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამოცდილ მენტორებთან ურთიერთობა, პროგრამის მონაწილე სხვა სტარტაპებთან იდეების გაცვლა და მათი გამოწვევების გათვალისწინება".
500 Startups აქსელერატორის მეორე ნაკადის აპლიკაციების მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ეს პროცესი 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.
კომენტარები