კანადაში ტესლას მძღოლს, რომელიც 150 კმ/სთ-ით მიდიოდა, საჭესთან ეძინა
Tesla-ს "ავტოპილოტის" ფუნქციით აღჭურვილი მანქანები ჰყავს, რომელიც მძღოლებს ბევრნაირ ისეთ დახმარებას სთავაზობს, როგორიცაა ავტოპარკინგი ან გზაზე მიმართულების შენარჩუნება. თუმცა, ბოლო დროს ტესლას ეს ფუნქცია ტრასებზე საფრთხის შემცველი გახდა, რადგან მძღოლები მას მანქანის მართვას მთლიანად ანდობენ.
ცოტა ხნის წინ აშშ-ში დააჯარიმეს მძღოლი, რომელიც ავტოპილოტით გადაადგილებისას ავარიაში მოყვა — როგორც მოგვიანებით გაირკვა, ინციდენტის წინ მძღოლი ჭამდა და საკვებს ყავასაც აყოლებდა. კიდევ ერთი მძღოლი მობილურში ფილმს უყურებდა, როცა პოლიციის რამდენიმე მანქანას დაეჯახა. ასევე, ერთ-ერთი ავტოავარიისას ტესლას მძღოლი — არც მეტი, არც ნაკლები — ავტოპილოტირებისას ვიდეოთამაშით იქცევდა თავს.
ამჯერად კანადელმა პოლიციელებმა 150 კმ/სთ-ით მიმავალი ტესლას ავტომობილი შენიშნეს. მისი გაჩერებისას, აღმოჩნდა, რომ მანქანა ავტოპილოტით იმართებოდა, მძღოლს კი ეძინა.
მიუხედავად იმისა, რომ ტესლას "ავტოპილოტის" ფუნქცია აქვს, ის სრულად ავტონომიური არ არის და როცა მანქანა ავტოპილოტზეა, ის მძღოლის ყურადღებას მაინც საჭიროებს. სამწუხაროდ, ტესლას ამ ფუნქციას ბევრი არასწორად იყენებს.
კანადის პოლიციაში ამბობენ, რომ მართალია, ტესლას ახალ მანქანებს ავტოპილოტით არაკეთილსინდისიერად სარგებლობის აღმოსაფხვრელად გარკვეული შეზღუდვები აქვს, ისინი მაინც არასაკმარისია. "ისინი [ტესლას მანქანები] არაა თვითმართვადი სისტემები, მათ მძღოლებს მართვის პასუხისმგებლობა მაინც აქვთ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
კომენტარები