Time Flies: ეფლის ღონისძიების 8 მნიშვნელოვანი ანონსი
კომპანია ეფლმა გუშინ საღამოს ღონისძიება Time Flies ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ახალი Apple Watch საათები და iPad-ები წარმოადგინა. WWDC-ის მსგავსად, ღონისძიება სრულად ონლაინ იყო და მას ფიზიკურად არავინ ესწრებოდა.
მაშ ასე, გავიგოთ, რა წარმოადგინა ეფლმა შემოდგომის ღონისძიებაზე.
1. Apple Watch Series 6 — სისხლში ჟანგბადის მონიტორინგი
ეფლის მიერ წარმოდგენილ ახალ Watch Series 6-ში გამოჩნდა ახალი სენსორი, რომელიც სისხლში ჟანგბადის მაჩვენებლის კონტროლის საშუალებას გვაძლევს. გარდა ამისა, მე-6 თაობის ჭკვიანმა საათმა ახალი S6 ჩიპსეტი მიიღო, რომელიც აიფონ 11-ში გამოყენებული A13 Bionic პროცესორის ბაზაზე შეიქმნა.
კომპანიის თქმით, Apple Watch Series 6-ის ეკრანი 2.5-ჯერ უფრო კაშკაშაა. მას ასევე მუდმივად აქტიური ალტიმეტრი, ანუ სიმაღლის საზომი დაემატა. სხვა ახალ ფერებთან ერთად, საათი პირველად გამოვა Product Red-ის წითელ ფერში. ეს ყველაფერი არაა — სმარტფონმა ეკრანის ახალი გაფორმებები, მათ შორის Memoji-ს ჩვენების შესაძლებლობაც მიიღო.
ეფლმა ახალი საათისთვის ასევე წარმოადგინა სილიკონის სამაჯურები Solo Loop, რომლებსაც არ აქვთ შესაკრავი. ახალი Solo Loop შვიდ სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი. ასევე ელმისაწვდომია დაწნული Solo Loop სამაჯურები, რომლებიც 5 სხვადასხვა ფერშია შესრულებული.
Apple Watch Series 6-ის ფასი $399-დან იწყება.
2. Apple Watch SE — ახალი, ბიუჯეტური საათი
გუშინ პირველად ახალი კატეგორიის ჭკვიანი საათი — Apple Watch SE ვიხილეთ. მას აქვს ყველა ის ფუნქცია და ტექნიკური მახასიათებელი, რაც Series 6-ს, თუმცა იგი წინა თაობის, Series 5-ის ჩიპსეტ S5-ს იყენებს. აღსანიშნავია, რომ Series 5-სგან განსხვავებით, ამ მოდელს არ გააჩნია მუდმივად აქტიური ეკრანის რეჟიმის მხარდაჭერა.
Apple Watch SE-ს ფასი $279-დან იწყება, თუმცა კომპანია ეფლი განაგრძობს Apple Watch Series 3-ის გაყიდვებსაც, რომლის ფასიც $199 შეადგენს.
3. ეფლის ახალი საათების კოლოფში კვების USB ადაპტერი აღარ იდება
ეფლმა USB ადაპტერი ამოიღო Apple Watch-ის კომპლექტაციიდან და ეს გადაწყვეტილება გარემოზე მავნე გავლენის შემცირებით ახსნა. გავრცელებული ცნობების თანახმად, კომპანია იმავეს აპირებს ახალი აიფონების შემთხვევაშიც, თუმცა ოფიციალურად ეს ჯერ Apple Watch-ის შემთხვევაში დადასტურდა.
4. ოჯახის წევრების Apple Watch-ების ერთი აიფონიდან მართვის ფუნქცია
კომპანია ეფლმა ახალი Family Setup ფუნქცია წარმოადგინა, რომელიც ერთი აიფონიდან რამდენიმე Apple Watch-ის მართვის საშუალებას გაძლევთ. ამისათვის აუცილებელია, რომ საათს ფიჭური კავშირის მხარდაჭერა ჰქონდეს — ფუნქცია მხოლოდ Series 4 და უფრო ახალ საათებთანაა თავსებადი. აიფონიდან თქვენ მიიღებთ ინფორმაციას საათის მფლობელის ადგილმდებარეობის შესახებ და ასევე გააკონტროლებთ, ვისთან უნდა შეეძლოთ ოჯახის წევრებს კონტაქტი.
5. ახალი iPad Air, რომელიც ძალიან ჰგავს iPad Pro-ს
ეფლმა ახალი iPad Air წარმოადგინა, რომლის ეკრანიც, iPad Pro-ს მსგავსად, პლანშეტის წინა მხარეს თითქმის სრულად ფარავს. ახალმა აიპედმა 27.9-სანტიმეტრიანი 2360 x 1640 გაფართოების მქონე Liquid Retina დისპლეი მიიღო, ხოლო Touch ID სენსორი კომპანიამ პლანშეტის კვების ღილაკში ჩააშენა.
iPad Air-მა ასევე მიიღო ახალი თაობის, 5-ნანომეტრიანი ჩიპსეტი, A14 Bionic. კომპანიის თქმით, იგი 6-ბირთვიან პროცესორს, 4-ბირთვიან გრაფიკულ ჩიპს და 16-ბირთვიან ნეიროძრავს აერთიანებს.
რაც შეეხება კამერებს, ახალმა Air-მა iPad Pro-ს მსგავსი 12 მპ-იანი ძირითადი კამერა მიიღო, რომელსაც გაუმჯობესებული ვიდეო სტაბილიზაცია და წინა, 7-მეგაპიქსელიანი FaceTime HD კამერა აქვს. გარდა ამისა, პლანშეტმა Lightning-ის ნაცვლად USB-C პორტი მიიღო.
ახალი iPad Air ხუთ ფერშია წარმოდგენილი და მისი ფასი $599-დან იწყება. მოწყობილობის გაყიდვა შემდეგი თვიდან დაიწყება.
6. განახლებული, მე-8 თაობის iPad, ნაცნობი დიზაინითა და ახალი პროცესორით
ეფლმა მე-8 თაობის iPad-იც წარმოადგინა, რომელმაც წინამორბედის მსგავსი დიზაინი, შესამჩნევი ცვლილებების გარეშე მიიღო. ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება უკავშირდება მის ჩიპსეტს — A12 Bionic-ს.
განახლებული, მე-8 თაობის აიპედის ფასი $329-დან იწყება.
7. ახალი ფინტეს სერვისი — Fitness Plus
ეფლის თქმით, აქტიური ადამიანებისთვის შექმნილი ახალი ფასიანი სერვისი, Fitness Plus ინტეგრირდება აიფონთან, აიპედთან და Apple TV-სთან, თუმცა მისი ძირითადი გამოყენება Apple Watch-ს უკავშირდება. სერვისში ვარჯიშების 10 სახეობა, მათ შორის იოგა, ცეკვა და ველოსპორტია წარმოდგენილი. კომპანიის თქმით, ახალი სავარჯიშო პროგრამები სერვისში ყოველკვირეულად დაემატება.
სერვისის ყოველთვიური გადასახადი $9.99-ს შეადგენს, ხოლო წლიური გამოწერის შემთხვევაში მისი ღირებულება ჯამში $79.99 იქნება.
8. Apple One — ახალი პაკეტი ეფლის ყველა სერვისისთვის
ეფლმა ახალი ფასიანი პროდუქტი — Apple One წარმოადგინა, რომელიც კომპანიის სხვადასხვა სერვისის, სხვადასხვა სცენარით გაერთიანებას ითვალისწინებს. ყველაზე დაბალი ფასის მქონე პაკეტი თვეში $14.95 ღირს, რაშიც თქვენ მიიღებთ Apple Music, Apple TV Plus, Apple Arcade და 50 GB-ს iCloud-ის ღრუბლოვან საცავში.
ოჯახური ტარიფით, რომელეშიც თვეში $19.95 გადაიხდით, ემატება 200 გბ iCloud-ზე. რადგან ტარიფი ოჯახურია, მასში გათვალისწინებული სერვისების გაზიარება 6 ადამიანთანაა შესაძლებელი.
პაკეტი Premier, ზემოაღნიშნულ სერვისებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს Apple News Plus, Fitness Plus-ს და 2 ტბ-ის მოცულობის ადგილს iCloud-ზე — ეს ყველაფერი თვეში $29.95-ად.
გარდა ამისა, დღეს, 16 სექტემბერს, 21:00-დან ეფლის ტექნიკის მომხმარებლები iOS 14, iPadOS 14, tvOS 14 და watchOS 7 განახლებებს მიიღებენ.
კომენტარები