მასკი თვლის, რომ გეიტსი ელექტრომობილების ინდუსტრიის "გაგებაში არაა"
მსოფლიოში მეოთხე უმდიდრესმა ადამიანმა მეორე უმდიდრესი ადამიანი არცთუ სასიამოვნო სიტყვებით მოიხსენია: მას შემდეგ, რაც Microsoft-ის თანადამფუძნებელმა, ბილ გეიტსმა, Tesla-ს გამოშვებული ელექტრომობილების ქმედუნარიანობა ეჭვქვეშ დააყენა, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ გეიტსი "გაგებაში არაა". ამის შესახებ მან ტვიტერზე იმ კითხვაზე საპასუხოდ დაწერა, თუ რას ფიქრობდა ელექტროტრანსპორტის გეიტსისეულ შეფასებაზე.
გეიტსმა საკუთარი აზრი ელექტრომანქანების შესახებ აგვისტოში გამოქვეყნებულ ბლოგში გამოთქვა. მან ახსნა, თუ რატომ აეჭვებდა ამგვარი ტრანსპორტის პოტენციალი დიდ დისტანციაზე სარგებლობისას. გეიტსის თქმით, "ბატარეა დიდი და მძიმეა".
"მიუხედავად იმისა, რომ ბატარეის ტექნოლოგიებში დიდი მიღწევებია, ელექტრომობილი ალბათ ვერასდროს გახდება პრაქტიკული გამოსავალი და ვერ ჩაანაცვლებს ტრანსპორტის ტრადიციულ სახეებს", — წერს გეიტსი ბლოგში, — "ელექტრობა მაშინ არის გამოსადეგი, როცა მოკლე დისტანციის დაფარვა გიწევს, თუმცა გრძელი მანძილის შემთხვევაში სხვაგვარი გამოსავლის პოვნაა საჭირო".
მსგავს შესაძლო გამოსავლად მაიკროსოფტის შემქმნელმა "იაფი და ალტერნატიული საწვავის", კერძოდ კი, ბიოსაწვავის მომხმარებელი ტრანსპორტი დასახა. ამასთან, გეიტსმა მთლიანად ელექტრობაზე მომუშავე ავტომობილების გაუმჯობესება ცნობილ საავტომობილო კომპანიებს, General Motors-სა და Ford-ს, ასევე ახალ კორპორაციებს — Rivian-სა და Bollinger-ს მიაწერა. მათთან ერთად გეიტსს Tesla არ მოუხსენიებია.
გასულ წელს Tesla-მ ელექტროპიკაპი, Cybertruck და მისი უფრო ძვირიანი ვერსია, Tri Motor All-Wheel-Drive წარადგინა. კომპანიის განცხადებით, პირველის წარმოება 2021 წლის მიწურულს, Tri Motor AWD-ის გამოშვება კი 2022 წლიდან დაიწყება.
მასკის უარყოფითი შეფასებები პირველად არაა მიმართული გეიტსისკენ. თებერვალში მან განაცხადა, რომ გეიტსთან საუბრებით "იმედგაცრუებული" იყო. ამ შეფასებას წინ უძღოდა თავად გეიტსის ინტერვიუ, სადაც მაიკროსოფტის შემქმნელმა თქვა, რომ ელექტრომობილად Porsche Taycan შეიძინა და არა Tesla.
კომენტარები