ამ მამრი ბაყაყის ორ მდედრთან შეჯვარებისას უჩვეულო "სასიყვარულო სამკუთხედი" იქმნება
ახლახან გამოქვეყნებულ კვლევაში T. taophora-ს, ბრაზილიის ატლანტიკურ ტყეში მცხოვრები ბაყაყის შეჯვარების უცნაური დინამიკაა აღწერილი. შეჯვარების სეზონზე მამრები ორ მდედრთან წყვილდებიან, რაც ერთობ უჩვეულოა და ხანდახან, როდესაც რესურსები მცირეა, კონკურენტ მდედრებს შორის დაძაბულობას იწვევს.
საკმაოდ ბევრი ცხოველი, მათ შორის ლემური, სპილო და ბევრი ტიპის თევზი, პოლიგამიური პრინციპით ჯვარდებიან. ასეთ დროს, როგორც წესი, რამდენიმე მდედრი მხოლოდ ერთ მამრთან ჯვარდება. პოლიგამი ბაყაყების აღმოჩენა მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ ამფიბიებში მსგავსი ქცევა აქამდე არასდროს შეუნიშნავთ.
იმისთვის, რომ ბაყაყებს შორის არსებული ურთიერთობა შეესწავლათ, მკვლევართა გუნდმა ლარვას განვითარების მონაცემები შეაგროვა და კვერცხების გენეტიკური ანალიზი ჩაატარა.
გუნდის აზრით, მსგავსი ურთიერთობა მამრებისთვის ძალიან მოსახერხებელი და სასარგებლოა, რადგან ეს მათ საშუალებას აძლევთ, ერთზე მეტ მდედრთან იყოლიონ შთამომავლობა.
"მდედრებისთვის ამ ურთიერთობის დადებითი მხარე ისაა, რომ ისინი წარმატებულ მამრთან ამყარებენ ურთიერთობას და ხელსაყრელი გასამრავლებელი ტერიტორია აქვთ, რომელსაც სხვა მდედრთან იზიარებენ", — განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა.
ბაყაყების სახეობების უმეტესობაში ორი რედიკალური მიდგომა არსებობს, მამრები ან სრულიად მონოგამები არიან ან "მექალთანეები". ამისგან საწინააღმდეგოდ, T. taophora მამრები ხანგრძლივ ურთიერთობაში იმყოფებიან ორ, ხანდახან კი სამ მდედრთან.
მამრები საუკეთესო ჭაობის მოპოვებისთვის იბრძვიან, სადაც ისინი მდედრებს ელოდებიან, ჯვარდებიან და კვერცხებს დებენ. ხანდახან მდედრები მამრების ჭაობებში მიდიან და სხვა მდედრის მიერ დადებულ კვერცხებს ჭამენ. მკვლევრების განმარტებით, ამის გამო მამრები მათ ან მისდევენ და ტერიტორიიდან აძევებენ ან მათთან შეჯვარებას იწყებენ.
სტენფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგის, ლორენ ოკონელის თქმით, მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ მსგავსი პოლიგამიური ქცევა ამფიბიებშიც არსებობდა, თუმცა ამ კვლევამდე ამის დამამტკიცებელი საბუთი არ მოგვეპოვებოდა.
კვლევა ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები