Fuckup Nights-ის მონაწილეები ახლა უკვე გონიოს ციხეში მოგვიყვებიან, რა შეეშალათ და — როგორ
არასწორი გადაწყვეტილებები, მარცხი და შეცდომა ადამიანების და მათ შორის ბიზნესის თანმდევი განვითარების გზაზე გარდაუვალი ფაქტორია. ზუსტად ამიტომ, ზუსტად 6 წლის წინ, მექსიკაში დაიწყო მოძრაობა FuckUp Nights, რომელიც მსოფლიოს 90 ქვეყანაში და 300-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის თბილისში იმართება და მალე ის ექსკლუზიურად, FuckUp Nights Batumi vol.1-ის სახით გონიოს ციხეში, 14 აგვისტოს, 20:00 საათზე გაიმართება.
„საკუთარ შეცდომებზე სწავლა გონივრულია, სხვის შეცდომებზე სწავლა გენიალური“
გლობალური მოძრაობის წესი ასეთია — 4 წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიას ფართო აუდიტორიას უყვება და ეს მან 7 წუთში და 10 სლაიდის საშუალებით უნდა მოახერხოს. მთავარი მიზანი კი ისაა, რომ მსმენელებმა დაინახონ მარცხის მეორე მხარე, რომელზეც საუბარი არ ტეხავს და აქედან ბევრის სწავლა შეგვიძლია. ღონისძიება დაგვეხმარება მარცხი და შეცდომა არა ტრაგედიად, არამედ ახალ შესაძლებლობად ვაქციოთ და სწორედ ამაზე გვიყვებიან ღონისძიების სპიკერებიც. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თბილისი სტარტაპ ბიუროს მხარდაჭერით, ამ გლობალურ მოძრაობას რამდენიმე წლის წინ საქართველოც შეუერთდა.
გონიოს ციხეში დაგეგმილი ექსკლუზიური Fuckup Nights ღონისძიების მოდერატორი საქართველოს ვენჩურული კაპიტალის ასოციაციის (GVCA) დამფუძნებელი და Alliance Group Holding-ის აღმასრულებელი დირექტორი, აიეტ კუკავა იქნება, დამსწრე საზოგადოებისთვის კი საკუთარი მარცხის ისტორიები შემდეგმა მომხსენებლებმა მოამზადეს:
- დავით ხოსროშვილი - მისი თანადაფუძნებული კომპანიებია WiFisher.com, MaxinAl, Olmait, Hostelpro.com და Termial.com. კომპანიებში დასაქმებულია 80-ზე მეტი ადამიანი და ემსახურებიან მომხმარებლებს 10-ზე მეტ ქვეყანაში. დავით ხოსროშვილის კომპეტენციაში სტრატეგიული დაგეგმვა და მართვა შედის.
- გიორგი კუვშინოვი - Boom Boom Booking Agency -ის დამფუძნებელი, ბუქერი Partymag (Turkey) , The Triângûlum (Armenia), Origami , Set Fest , Colibri და მრავალი სხვა. გიორგის უმუშავია შემდეგ არტისტებთან Stephan Bodzin , Polo & Pan , Maceo Plex , Luciano , Tale of Us , Agoria , Deborah De Luca , Joe Claussell , Oscar and the Wolf და სხვა. თანამშრომლობს რეგიონში ცნობილ სამაუწყებლო კომპანიასთან Cercle.
- ტბელ აბუსერიძე - ფოტოგრაფი, თანამშრომლობდა სხვადასხვა გამოცემასთან, მათ შორის რადიო თავისუფლებასთან. ამჟამად რამდენიმე ფოტოჟურნალისტურ პროექტზე National Geographic Magazine საქართველოსთვის მუშაობს.
- პაპუნა ტოლიაშვილი - სინერჯი კაპიტალის დირექტორი და სინერჯი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი. კომპანიას 1999 წლიდან 400-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან საქართველოში სტრატეგიული და სტრუქტურული განვითარების კუთხით. 2018 წელს სინერჯი ჯგუფმა შექმნა კერძო კაპიტალის ფონდი - სინერჯი კაპიტალი, რომელიც ამ დროისთვის 10-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.
ღონისძიებაზე ბილეთების რაოდენობა მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, უსაფრთხოების დაცვის მიზნით საგრძნობლად შეზღუდულია.
კომენტარები