ცერერა: მზის სისტემის ასტეროიდული სარტყლის წყლის სამყარო
რამდენიმე ახალი კვლევის მიხედვით, მარსსა და იუპიტერს შორის არსებულ ასტეროიდულ სარტყელში მდებარე ყველაზე დიდ ობიექტს, ცერერას ზედაპირის ქვეშ ზღვის წყლების მასიური წყალსაცავები აქვს.
მკვლევართა გუნდმა 20 მილიონი წლის ცერერას ზედაპირის ქვეშ მარილიანი წყლის წყალსაცავების აღმოჩენა NASA-ს ხომალდ Dawn-ის მაღალი გარჩევადობის ფოტოების გაანალიზების შემდეგ მოახერხა. ცერერა მზის სისტემის შიდა ნაწილში ერთადერთი ჯუჯა პლანეტაა. იგი დაახლოებით 950 კმ. სიგანისაა, მზის გარშემო ერთ ბრუნს კი დედამიწურ 1 682 დღეს ანდომებს. მას ძალიან თხელი ატმოსფერო აქვს, რომელიც ყინულის ვულკანებისგან წარმოქმნილი წყლის ორთქლისგან შედგება.
ახლახან აღმოჩენილი წყალსაცავი დიდი მლაშე ტბის ზომისაა და მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ იგი ძალიან მარიალიანი წყლითაა სავსე, რამაც ის გაყინვას გადაარჩინა. NASA-ს ხომალდი Dawn, რომელიც ამჟამად აქტიური აღარაა, 2007 წელს გაეშვა და ფოტოები ზედაპირიდან მხოლოდ 35 კმ-ით დაშორებულმა, 2018 წელს გადაიღო.
გუნდმა ინფრაწითელი ფოტოები გააანალიზა და ჰიდროჰალიტი აღმოაჩინა — ნივთიერება, რომელიც, როგორც წესი, დედამიწაზე, მყინვარებში გვხვდება. სხვა პლანეტაზე მასზე დაკვირვება არასდროს განხორციელებულა.
მეცნიერების მიხედვით, ეს წყალსაცავი კრატერ Occator-ში მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც 20 მილიონი წლის წინ ამ ადგილს კოსმოსური ობიექტი შეეჯახა. გუნდს სჯერა, რომ ამ შეჯახების შემდეგ კრატერი გაიყინა, მის შიგნით კი გამდნარი წლის დიდი წყალსაცავი წარმოიქმნა.
"ცერერაზე ნაპოვნი ნივთიერება ასტრობილოგიისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. ჩვენ ვიცით, რომ ეს მინერალები სიცოცხლისთვის აუცილებელია", — განაცხადა იტალიის ასტროფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარმა კრისტინა დე სანკტიმ.
"აქამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცერერას გლობალური ოკეანე უნდა ჰქონოდა; ოკეანე, რომელიც ახლა გაყინული უნდა იყოს. ამ მიგნებებმა კი დაგვანახა, რომ ამ ოკეანის რაღაც ნაწილი, შესაძლოა, გადარჩა და ზედაპირის ქვეშაა", — განაცხადა NASA-ს მკვლევარმა კეროლ რეიმონდმა.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები