ილონ მასკი ეგვიპტეში მიიწვიეს, რათა დარწმუნდეს, რომ პირამიდები უცხოპლანეტელებს არ აუგიათ
მილიარდერი ილონ მასკი ეგვიპტეში მიიწვიეს, რათა საკუთარი თვალით იხილოს პირამიდები და დარწმუნდეს, რომ ისინი უცხოპლანეტელებს არ აუგიათ.
The SpaceX-ის ხელმძღვანელმა გასულ კვირას ტვიტი გამოქვეყნა, სადაც გავრცელებული კონსპირაციული თეორია იყო გაჟღერებული — თითქოს ეგვიპტის პირამიდები, რომელთა აშენებაშიც უზარმაზარი შრომაა ჩადებული, უცხოპლანეტელების აშენებულია.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი არ აპირებს, დიდება შორეული გალაქტიკების მცხოვრებებს გადაულოცოს.
როგორც იგი აღნიშნავს, პირამიდების მშენებლების საფლავები იმის მტკიცებულებაა, რომ შვიდი ანტიკური საოცრებიდან შემორჩენილი ერთადერთი ნაგებობა ნამდვილად ადამიანის ნახელავია.
ამ აზრს ეთანხმებიან ექსპერტებიც, რომელთა თქმითაც, 1990-იან წლებში აღმოჩენილი სამარხები სწორედ იმას მოწმობს, რომ განსაცვიფრებელი მასშტაბის ღირსშესანიშნაობა უძველეს ცივილიზაციის წევრთა მიერაა აგებული.
წინა კვირას ტექნოლოგიების მაგნატმა ტვიტერზე დაწერა: "რასაკვირველია, პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააგეს". ტვიტი მალევე გახდა პოპულარული და იგი 97 ათასჯერ გააზიარეს.
ტვიტს გამოეხმაურა ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი, რანია ალ-მაშატიც, რომელმაც მასკს უთხრა, რომ მის საქმიანობას თვალყურს ადევნებდა და პატივს სცემდა. მან მილიარდერს შესთავაზა, მეტად შეისწავლოს ეს თემა და დარწმუნდეს, რომ პირამიდები ფარაონებისთვის ანტიკურ სახელმწიფოში ნამდვილად დედამიწელებმა ააგეს. ამისთვის ალ-მაშატიმ მასკი და SpaceX ეგვიპტეში მიიწვია და დასძინა, რომ ქვეყანაში მოუთმენლად ელოდებიან მის ვიზიტს.
ზაჰი ჰავასი, ცნობილი ეგვიპტელი არქეოლოგი, ასევე გამოეხმაურა საკამათო განცხადებას და სოციალურ მედიაში გავრცელებულ არაბულენოვან ვიდეოში მასკის მოსაზრებას "სრული ბოდვა" უწოდა.
"თავად აღმოვაჩინე პირამიდების მშენებლების საფლავები და ყველას ვუთხარი, რომ ისინი ნამდვილად ეგვიპტელები იყვნენ და მონები არ ყოფილან", — ამბობს ჰავასი EgyptToday-სთან.
მოგვიანებით მასკმა საკუთარ ტვიტერზე BBC History-ის სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღწერილია, როგორ ააგეს რიგითმა ადამიანებმა პირამიდები და დაამატა, რომ "ეს BBC-ის სტატია ნათლად და მოკლედ ხსნის, როგორ შეიქმნა პირამიდები".
დღესდღეობით ასზე მეტი პირამიდაა შემორჩენილი, თუმცა მათგან ყველაზე ცნობილი გიზას პირამიდაა, რომლის სიმაღლეც 137 მეტრს აღემატება.
პირამიდების უმეტესობა აკლამებადაა ნაგები — როგორც სამუდამო განსასვენებელი ეგვიპტის მმართველებისთვის.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ილონ მასკი ტვიტერზე აქტიურობითა და საკამათო მოსაზრებების გავრცელებით გამოირჩევა. როგორც მან თავად განუცხადა CNBC-ის, "ტვიტერი საომარი ზონაა. თუ ვინმე აქ შემოდის, ისეა, თითქოს ეუბნები: 'კარგი, ახლა რინგზე ხარ. მიდი!'"
კომენტარები