ადამიანები ამერიკაში იმაზე 15 ათასი წლით ადრე შეიძლება ჩასულიყვნენ, ვიდრე გვეგონა
ცენტრალურ მექსიკაში მდებარე გამოქვაბულში ნაპოვნი ხელსაწყოები იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკაში მინიმუმ 30 ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ (იმაზე 15 ათასი წლით ადრე, ვიდრე აქამდე გვეგონა) ძლიერ საბუთს წარმოადგენს.
არტეფაქტები, მათ შორის 1 900 ცალი ქვის ხელსაწყო, მიგვითითებს, რომ ამ გამოქვაბულში ადამიანები 20 ათასი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. გამოქვაბულში ადამიანის ძვლები ან დნმ-ის კვალი არ აღმოუჩენიათ.
"როგორც ჩანს, ადამიანები ამ ადგილს მიგრაციის პერიოდებში, გარკვეულ სეზონებზე იყენებდნენ", — ნათქვამია კვლევაში.
ქვის ხელსაწყოები საკმაოდ განვითარებული ტექნოლოგიითაა შექმნილი, რაც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ ისინი სხვა ადგილიდან იყო შემოტანილი.
ზუსტად როგორ ან როდის გამოჩნდნენ ჰომო საპიენსები ამერიკაში, მკვლევრებს შორის მუდმივად დებატებს იწვევს. ეს მიგნებები კი ახალ მტკიცებულებებს გვთავაზობს.
აქამდე, ფართოდ აღიარებული ვერსიის მიხედვით, ადამიანები ამერიკაში 13 500 წლის წინ ამჟამინდელი რუსეთიდან ალასკაზე გადასვლით აღმოჩნდნენ და სამხრეთისკენ გაუდგნენ გზას. ამ ისტორიის პოპულარობას ხელი არქეოლოგიურმა არტეფაქტმაც შეუწყო — შუბმა, რომელსაც უძველესი ადამიანები ნანადირევის მოსაკლავად იყენებდნენ. მაგრამ ამ თეორიაში ბზარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში უძველესი ადამიანების რამდენიმე ისეთი დასახლება იპოვეს, რომელიც აღნიშნულ თარიღზე ბევრად ძველია.
თანაც, ამ ადგილებში აღმოჩენილი ხელსაწყოები და იარაღები ერთნაირები არ ყოფილა, რაც მათ განსხვავებულ წარმომავლობაზე მიუთითებს.
მეორე კვლევის ფარგლებში კი, სადაც რადიონახშირბადის ტექნიკა გამოიყენეს, ჩრდილოეთ ამერიკაში 42 ადგილიდან აღებული ნიმუშები დაათარიღეს. შექმნილი სტატისტიკის მიხედვით, ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკაში ბევრად ადრე ფიქსირდებიან.
კონტინენტზე ადამიანების უფრო ადრე გავრცელება, შესაძლოა, ოდესღაც უხვი ფლორისა და ფაუნის გაქრობას ხსნიდეს — მათ შორის, მამონტების, აქლემებისა და ცხენების გადაშენებული სახეობების.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები