Uber ციფრული ფინანსური მომსახურების სფეროში თავის ამბიციებზე უარს ამბობს
Bloomberg-ის ინფორმაციით, Uber-ის ფინანსური სერვისების ხელმძღვანელმა, პიტერ ჰეიზელჰარსტმა თანამდებობა დატოვა, რადგან კომპანია ბოლო დროს საკუთარ ტრადიციულ საქმიანობაზე — ტაქსებისა და მიტანის სერვისზე ფოკუსირდება. ამ გადაწყვეტილებით კომპანია ციფრული ფინანსური სერვისების განვითარებაზე უარს ამბობს.
Uber-ის აღმასრულებელი დირექტორი, დარა ხოსროუშაჰი თანამშრომლებისთვის მიწერილ წერილში აცხადებს, რომ კომპანიისთვის ფინანსური მომსახურების პროექტები პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს. ამით ორგანიზაციამ უარი თქვა ისეთი სერვისების განვითარებაზე, როგორებიცაა საკრედიტო ბარათები, ციფრული საფულე და სწრაფი გადახდა მძღოლებისთვის.
მაისში Uber-მა თანამშრომლების რაოდენობა 25%-ით შეამცირა და განაცხადა, რომ კომპანია ამიერიდან საკუთარ ძირითად საქმიანობაზე ფოკუსირდება. გარდა ამისა, კომპანია რამდენიმე არაპროფილური პროექტის დაფინანსებასაც წყვეტს, რის მიზეზადაც Uber-ის წარმომადგენლები პანდემიის გავლენას ასახელებენ.
კომენტარები