კონგრესმა NASA-ს მარსის მისიების სრულ დაფინანსებაზე უარი უთხრა
ტრამპის ადმინისტრაციას იმედი ჰქონდა, რომ NASA-ს ბიუჯეტს 2024 წლის მთვარის მისიისთვის დაახლოებით 27 მილიარდი დოლარით გაზრდიდა. თუმცა ახლახან გაკეთებული განცხადების მიხედვით, კონგრესი NASA-სთვის ბიუჯეტის მომატებას არ აპირებს და ის, გასული წლის მსგავსად, ისევ $22,63 მილიარდი დარჩება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სამხედრო ადმინისტრაციის ბიუჯეტი ამ რიცხვზე 32-ჯერ მაღალია.
თეთრი სახლი NASA-ს არტემისის მისიის მიმართ დადებითად იყო განწყობილი. მისია მიზნად 2024 წლისთვის ადამიანების მთავრეზე დაბრუნებას ისახავს. თუმცა ამისთვის სააგენტოს ბიუჯეტი საკმარისი არ არის.
მთვარეზე ადამიანების გაგზავნა, რა თქმა უნდა, ძალიან ძვირი ჯდება. 2019 წლის ივნისში ჩაწერილი ინტერვიუს მიხედვით, სააგენტოს ადმინისტრატორი ჯიმ ბრიჯენსტინი აცხადებს, რომ ასტრონავტების მთვარეზე გაშვება დამატებით 20 ან 30 მილიარდი დოლარი დაჯდებოდა. თებერვალში კი NASA-ს ადამიანთა კოსმოსური ფრენის განყოფილების ხელმძღვანელმა დაგ ლოვერომ განაცხადა, რომ მისიის შესასრულებლად სააგენტოს დამატებით 35 მილიარდი დოლარი სჭირდებოდა.
აღსანიშნავია, რომ NASA-მ ასტრონავტების მთვარის ზედაპირზე დასაბრუნებლად კერძო კომპანიებსაც, მათ შორის SpaceX-სა და Blue Origin-ს, მიმართა. აპრილში კი სააგენტომ აშშ-ში დაფუძნებული და კკოსმოსურ ფრენაზე სპეციალიზირებული Dynetics და კიდევ ორი კომპანია შეარჩია, რომლებმაც არტემისის მისიის ფარგლებში მთვარეზე დამშვების დიზაინი უნდა შექმნან.
სამივე კომპანიას დიზაინისთვის $3,4 მილიარდი უნდა გაეთვალა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა კი ჯამში 1,56 მილიარდი გამოყო, რომელიც არა მხოლოდ ხომალდებს, არამედ კვლევებსაც უნდა მოხმარდეს. ამ ბიუჯეტით, სამივე მათგანი მხოლოდ $600 მილიონში უნდა ჩაეტიოს. მოხსენების მიხედვით, ასევე არ გაიზრდება NASA-ს სამეცნიერო პროექტების ბიუჯეტი.
აღსანიშნავია, რომ მოხსენება ძალიან გრძელი პროცესის მხოლოდ პატარა ნაბიჯია. ასევე უცნობია, თუ როდის გააკეთებს სენატი NASA-ს ბიუჯეტთან დაკავშირებით რაიმე განცხადებას.
"ჩვენ მაინც ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და იმედი მაქვს, რომ სენატთან ერთად ვიმუშავებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამერიკას 2024 წლისთვის ადამიანების, მათ შორის პირველი ქალის, მთვარეზე გაშვების რესურსები ნამდვილად გვექნება", — განაცხადა ბრიჯენსტინმა.
კომენტარები