წელს პირველად ცაზე კომეტის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც შეგიძლიათ
გასული კვირის ბოლოს ცაზე კომეტა C/2020 F3 (NEOWISE) გამოჩნდა. NEOWISE მზესთან ყველაზე ახლოს 3 ივლისს (43,4 მილიონი კილომეტრის დაშორებით) მივიდა.
კომეტა NASA-ს ხომალდმა 27 მარტს აღმოაჩინა, თუმცა მასზე დაკვირვებები გასულ კვირას დაიწყეს.
"კომეტა ნამდვილად განსაცვიფრებელია, მისი დანახვა შიშველი თვალით შევძელი", — განაცხადა ვეტერანმა ასტროფოტოგრაფმა კრის შლურმა.
NEOWISE ამჟამად მეეტლის თანავარსკვლავედში იმყოფება, მისი ნახვა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. ხოლო 11 ივლისს იგი დროებით მიუწვდომელი გახდება, 15 ან 16 ივლისს კი კვლავ გამოჩნდება. იმ დროისთვის კომეტა მეეტლის თანავარსკვლავედიდან ფოცხვერის თანავარსკვლავედში გადაინაცვლებს, შემდეგი რამდენიმე დღის განმავლობაში კი დიდი დათვის თანავარსკვლავედს ჩაუფრენს.
კომეტა როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან, ასევე დედამიწიდანაც დააფიქსირეს. NASA-ს ასტრონავტმა ბობ ბენკენმა სადგურიდან თავისი გადაღებული ფოტოები შემოგვთავაზა.
კომეტის დანახვა და მისი ფოტოებზე აღბეჭდვა საქართველოდანაც მოახერხეს.
NEOWISE-ის ფოტოები ლაშა ებიტაშვილმა ბაზალეთიდან გადაიღო. კომეტა მზის ამოსვლამდე, ჩრდილო-აღმოსავლეთით იწყებს ამოსვლას და მისი ნახვა რამდენიმე დღის განმავლობაში შეგეძლებათ.
კომენტარები