დედამიწის ისტორიაში ყველაზე მასიური გადაშენება მკვლევრებმა ქვანახშირს დაუკავშირეს
ახალი კვლევის მიხედვით, 250 მილიონი წლის წინ მომხდარი ყველაზე მასობრივი გადაშენება ქვანახშირის კოლოსალურმა წვამ გამოწვია.
პერმულ-ტრიასული გადაშენება დედამიწის ისტორიაში ყველაზე მასიური გადაშენებაა. ამ მოვლენის დროს წყლის ცხოველების 96% და ხმელეთის ცხოველების 70% განადგურდა.
მკვლევართა აზრით, მსგავსი მასობრივი გადაშენების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ვულკანური ამოფრქვევები იყო, რომელმაც რუსეთის თანამედროვე ტერიტორიაზე კოლოსალური ზომის ნაშთები დატოვა, ამ ნაშთებს დღეს ციმბირის ტრაპებს უწოდებენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ გამოიწვია ამ ამოფრქვევებმა გადაშენება, თუმცა მეცნიერები სხვადასხვა მექანიზმს გვთავაზობენ, რომლებიც, შესაძლოა, ამ პროცესში ყოფილიყვნენ ჩართულნი: სათბური აირების გამო ტემპერატურის მატება, ოზონის გათხელება თუ ამოფრქვევის მიერ წარმოქმნილი აქროლადი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება.
რა თქმა უნდა, ეს მიზეზები ერთმანეთს არ გამორიცხავს და, შესაძლოა, რომ ისინი ერთდროულადაც კი მოქმედებდნენ. ახლახან კი მკვლევრებმა კიდევ ერთი პოტენციური მიზეზი იპოვეს, რომელიც, დიდი ალბათობით, ამ გადაშენების პროცესში იყო ჩართული. მათი აზრით, ქვანახშირის წვამ და ნახშირმჟავამ ატმოსფეროში ნახშირორჟანგისა და მეთანის დიდი ოდენობის წარმოება დაიწყეს.
ექვსი წლის განმავლობაში ციმბირის ტრაპეპზე მიმდინარე ექსპედიციების დროს მკვლევართა გუნდმა 450 კილოგრამზე მეტი ისეთი ვულკანური ქვა შეაგროვა, რომელიც ამოფრქვევების დროით თარიღდება. მოპოვებული ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ქვები დამწვარი ხისა და დამწვარი ქვანახშირის პატარა ფრაგმენტებს შეიცავდა, ისევე, როგორც ხის ნახშირსა და სხვა ორგანულ ნივთიერებებს. გუნდის მიხედვით, ეს ფრაგმენტები უძველესი ამოფრქვევის დროს მაგმის მიერ ქვანახშირის წვის პირველი პირდაპირი მტკიცებულებაა.
"კვლევამ აჩვენა, რომ ქვანახშირისა და ორგანული ნივთიერებების წვა ტყის ხანძრებთან ერთად ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა", — ნათქვამია კვლევაში.
გუნდის მიხედვით, ორგანული ნივთიერებების მაგმასთან ურთიერთობას, შესაძლოა, პერმულ-ტრიასული გადაშენება ბევრად დაეჩქარებინა.
აღსანიშნავია, რომ დღეს პლანეტაზე ქვანახშირი დიდი ოდენობით იწვის, რამაც, შესაძლოა, მწვავე პრობლემები გამოწვიოს.
კვლევა 12 ივნისს ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები