FDA-მ ვიდეოთამაშს სამკურნალო ფუნქცია პირველად მიანიჭა
Akili Interactive-ის EndeavorRX, რომელსაც ადრე Project EVO-ს სახელით იცნობდნენ, შესაძლოა, ისტორიაში შევიდეს როგორც პირველი ვიდეოთამაში, რომელიც აშშ-ში ექიმის დანიშნულებით გაიყიდება.
აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ასოციაციის (FDA) ეს გადაწყვეტილება ექიმებს 8-დან 12 წლამდე ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის აღნიშნული ვიდეოთამაშის სამკურნალო საშუალებად დანიშვნის უფლებას აძლევს. თამაშის 7-წლიანი კვლევის შედეგად, რომელშიც 600-მდე ბავშვი იღებდა მონაწილეობას, დადასტურდა, რომ EndeavorRX-ს მათი მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია.
ხუთი კვლევის მიხედვით დამტკიცდა, რომ მასში მონაწილე ბავშვების მესამედს თამაშით მკურნალობის შემდეგ "ყურადღების დეფიციტის შესამჩნევი ნიშნები აღარ აღენიშნებოდათ". კვლევის მიხედვით, ბავშვები ამ თამაშს კვირაში 5 დღე, 25 წუთის განმავლობაში თამაშობდნენ, ხოლო მთლიანი მკურნალობის კურსი 4 კვირა გრძელდებოდა.
აღნიშნული სინდრომის ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესების დინამიკა 1 თვის განმავლობაში ნარჩუნდებოდა. როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ამ თამაშსაც აქვს გვერდითი მოვლენები, რომლებიც, როგორც კვლევიდან ირკვევა, თავის ტკივილის და ფრუსტრაციის სახით ვლინდება.
კვლევის საწყის ეტაპზე ექიმები მიიჩნევდნენ, რომ შედეგები "არასაკმარისია იმისთვის, რომ AKL-T01 ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებში დადგენილი და რეკომენდებული მკურნალობის მეთოდების ალტერნატიულ საშუალებად მივიჩნიოთ".
ცხადია, აღნიშნული ვირტუალური მკურნალობის მეთოდი ჯერ კიდევ საჭიროებს დამატებით კვლევებს, თუმცა საყურადღებოა, რომ ვიდეოთამაშების ამ დანიშნულებისთვის გამოყენების იდეა ჯერ კიდევ 2014 წელს გაჩნდა. დღეს ვიდეოთამაშებით მკურნალობა კი უკვე რეალობაა.
ვიდეოთამაშები ნელ-ნელა გართობის გარდა მკურნალობის და უნარ-ჩვევების განვითარების ახალ საშუალებად იქცევა. მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევა გვაჩვენებს, თუ როგორ ახერხებს მძიმე დამწვრობის მსხვერპლი საკუთარი ტკივილის ვირტუალური რეალობის ჩაფხუტით შემსუბუქებას.
სამკურნალო თამაშის მოლოდინის რიგში ჩასაწერად შეგიძლიათ ეწვიოთ EndeavorRX-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს.
კომენტარები