ტიტანი სატურნს იმაზე ასჯერ წრაფად შორდება, ვიდრე აქამდე ეგონათ
მთვარე დედამიწას ყოველწლიურად უფრო და უფრო შორდება, ასევე იქცევიან სხვა პლანეტების ბუნებრივი თანამგზავრებიც. ორბიტაზე გადაადგილებისას მთვარის გრავიტაცია პლანეტას იზიდავს და მასზე დროებით ამოზნექილობებს აჩენს.
დროთა განმავლობაში ამ ამოზნექილობებისგან წარმოქმნილი ენერგია მთვარისკენ მიემართება, რაც მას პლანეტისგან დაშორებას აიძულებს. ჩვენი მთვარე დედამიწას ყოველწლიურად 3.8 სანტიმეტრით შორდება.
აქამდე მეცნიერებს ეგონათ, რომ სატურნის გიგანტური მთვარის, ტიტანის პლანეტისგან დაშორების სიჩქარე იცოდნენ. თუმცა ახალი მონაცემების თანახმად, რომლებიც მათ ხომალდ Cassini-ის დახმარებით მოიპოვეს, ტიტანი სატურნს იმაზე ასჯერ სწრაფად შორდება, ვიდრე ეს აქამდე ეგონათ — წელიწადში 11 სანტიმეტრით.
ამ მიგნებამ, შესაძლოა, ერთ ძველ შეკითხვას გასცეს პასუხი. მეცნიერებმა იციან, რომ სატურნი 4.6 მილიარდი წლის წინ, მზის სისტემის ადრეულ პერიოდში წარმოიქმნა. თუმცა პლანეტის რგოლებისა და მისი სისტემის 80-ზე მეტი მთვარის ფორმირების შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. ტიტანი ამჟამად სატურნისგან 1.2 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული. ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მთვარე პლანეტასთან თავდაპირველად ბევრად ახლოს იმყოფებოდა, ვიდრე აქამდე გვეგონა. ეს, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ მთელი სისტემა ნავარაუდებზე სწრაფად ფართოვდებოდა.
ტიტანთან დაკავშირებული ეს მიგნება ასევე ახალ თეორიასაც ამტკიცებს, რომელიც ხსნის, თუ რა გავლენას ახდენენ პლანეტები თავიანთ მთვარეებზე.
ბოლო 50 წლის განმავლობაში მეცნიერები მთვარის მოძრაობის სიჩქარის დასადგენად ერთ ფორმულას იყენებდნენ, ამ მონაცემის საშუალებით კი მის ასაკს იგებდნენ. ამ ფორმულებისა და თეორიების გამოყენებით, ასტრონომებს ეგონათ, რომ ისეთ სისტემებში, როგორც სატურნი და მისი თანამგზავრებია, პლანეტისგან მეტად დისტანცირებული მთვარეები უფრო ნელა შორდებიან მას, ვიდრე მთვარეები, რომლებიც პლანეტასთან უფრო ახლოს იმყოფებიან.
ოთხი წლის წინ თეორეტიკოსმა ასტროფიზიკოსმა, ჯიმ ფულერმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ამ თეორიებს ეჭვქვეშ აყენებდა. ფულერის თეორიამ იწინასწარმეტყველა, რომ მოშორებით მდებარე მთვარეები და ახლოს მყოფი მთვარეები თანაბარი სიჩქარით შორდებოდნენ პლანეტას. ამჟამინდელმა კვლევამ კი ეს თეორია განამტკიცა.
"ამ მიგნებამდე სწორედ Cassini-ის მონაცემების წყალობით მივედით, ჩვენი შედეგები ასევე თანხვედრაშია ჯიმ ფულერის თეორიასთან, რომელმაც ტიტანის უფრო სწრაფი მიგრირების შესახებ იწინასწარმეტყველა", — განაცხადა კვლევის თანაავტორმა, პაოლო ტორტორამ.
Cassini სატურნს 13 წელზე დიდხანს იკვლევდა, მანამდე, სანამ მისი საწვავის მარაგი ამოიწურებოდა. Cassini-Huygens-ის მისია NASA-ს, ESA-ს და იტალიის კოსმოსური სააგენტოს გაერთიანებული ძალისხმევის შედეგია.
კომენტარები