ასტრონომებმა დედამიწისა და მზის მსგავსი ციური სხეულები აღმოაჩინეს
ჩვენთვის ცნობილ 4 000 ეგზოპლანეტას შორის, KOI-456.04 განსაკუთრებულია: იგი მზის მსგავსი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს და თითქმის დედამიწის ზომისაა. აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავსა და პლანეტას შორის არსებულმა მანძილმა, შესაძლოა, მასზე სიცოცხლე უზრუნველჰყოს.
რა თქმა უნდა, მკვლევრებმა ეს დაზუსტებით არ იციან, თუმცა პლანეტა საკმაოდ იმედისმომცემი კანდიდატი ჩანს, იმდენად, რომ მას ჩვენი მზისა და დედამიწის "სარკისებრი გამოსახულება" უწოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას მაქს პლანკის ინსტიტუტი ავრცელებს.
დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტა ვარსკვლავ Kepler-160-ის გარშემო ბრუნავს, რომელიც ჩვენგან 3 000 სინათლის წელიწადითაა დაშორებული. იმ ვარსკვლავებისგან განსხვავებით, რომლის გარშემოც დედამიწის ზომის ეგზოპლანეტები ბრუნავს, Kepler-160 სინათლეს ინფრაწითელი გამოსხივების გარდა ხილულ სპექტრშიც გამოყოფს — ეს ფაქტი კი მკვლევრებს პლანეტის სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით იმედს აძლევს. თუმცა ჯერჯერობით ძალიან ბევრი რამ უცნობია.
"პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის სრული სურათის დასანახად მისი ვარსკვლავის შესწავლაც საჭიროა", — განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარმა რენე ჰელერმა.
აღსანიშნავია, რომ KOI-456.04-ზე არსებული გარემოპირობები, შესაძლოა, დედამიწის მსგავსი აღმოჩნდეს. მისი ვარსკვლავისგან მიღებული სინათლის ოდენობა დედამიწაზე მზისგან მიღებული სინათლის 93%-ს შეადგენს. ხოლო თუკი პლანეტას უმეტესწილად ინერტული ატმოსფერო აქვს დედამიწის მსგავსი სათბურის ეფექტით, მისი ზედაპირის ტემპერატურა დედამიწის საერთო ტემპერატურაზე ათი გრადუსით დაბალი იქნება.
კვლევა მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევრების მიერ 4 ივნისს, ჟურნალ Astronomy and Astrophysics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები