ილონ მასკი: წითელი აბი აირჩიეთ
ილონ მასკის უცნაური ტვიტების სერია გრძელდება. ამჯერად ტესლასა და SpaceX-ის დამფუძნებელმა 34 მილიონ მიმდევარს განუცხადა: წითელი აბი აირჩიეთ.
"წითელი აბი", რა თქმა უნდა, საკულტო ფილმის, მატრიცის ცნობილ სცენას მიემართება, რომელშიც მორფეუსი მთავარ გმირს, ნეოს, რომელიც კომპიუტერულ სიმულაციაში ცხოვრობს, არჩევანს სთავაზობს. მან ან წითელი აბი უნდა მიიღოს, ან — ლურჯი. "თუ ლურჯ აბს აირჩევ, ისტორია სრულდება, შენს საწოლში გაიღვიძებ და იმას დაიჯერებ, რაც გინდა, რომ გჯეროდეს. თუ წითელ აბს აირჩევ, გაჩვენებ, რამდენად ღრმაა კურდღლის სორო".
თუმცა წითელი აბის არჩევას ინტერნეტ-საზოგადოებისთვის სხვა დატვირთვაც აქვს. წითელი აბი ხშირად უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკურ აზროვნებას აღნიშნავს და მას ხშირად ხმარობენ დონალდ ტრამპისა თუ "კაცების უფლებების დამცველი მოძრაობის" აღსანიშნავად. Reddit-ზე განყოფილებას, რომელიც ღიად მიზოგინისტურია, სწორედ TheRedPill ჰქვია.
მასკი ბოლო დროს აქტიურად საუბრობდა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების შემცირებაზე. წინა ორშაბათს მან განაცხადა, რომ ფრემონტში მდებარე ქარხანას ხსნის და მზადაა, ამისთვის დააპატიმრონ.
მასკის განცხადება ივანკა ტრამპმა გადატვიტა და მიაწერა: უკვე მივიღე!
ამავე თემაზე: აკრძალვების მიუხედავად, მასკმა Tesla-ს ქარხანა გახსნა
კომენტარები