რემდესივირი: პირველი კვლევის შედეგები დამაიმედებელია, თუმცა დასკვნები ნაადრევია
Gilead Science-ს მა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც გაანალიზებულია 53 პაციენტის მძიმედ მიმდინარე შემთხვევა, რომლებიც მკურნალობას მედიკამენტ რემდესივირით გადიოდნენ.
მონაწილეთა ნახევარზე მეტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა შეუძლებელია იმის ვარაუდი, რა მოხდებოდა თუ ისინი მედიკამენტს არ მიიღებდნენ, რადგან კვლევაში საკონტროლო ჯგუფი არ იყო.
პაციენტები რემდესივირის Gilead-სგან ე.წ. საქველმოქმედო გამოყენებისთვის იღებდნენ, ექსპერიმენტში არ იყო გამოყენებული ორმაგად ბრმა (double blind) და პლაცებო კონტროლი, რა შემთხვევაშიც შედეგები მეტად სარწმუნო იქნებოდა. ასევე, ჯგუფი საკმაოდ მირერიცხოვანია. ეს ფაქტორები მეცნიერებს წამლის ეფექტიანობაზე მტკიცებითი საუბრის საშუალებას არ აძლევს.
კვლევაში ნათქვამია, რომ პაციენტების 68 პროცენტს ჟანგბადის მიღების კუთხით მდგომარეობა გაუუმჯობესდა, რაც ნიშნავს, რომ 53-დან 36 პაციენტს ჟანგბადის მისაღებად ნაკლები ხელოვნური ჩარევა დასჭირდა. ხოლო სასუნთქ აპარატზე მიერთებული 30 პაციენტიდან 17-ს აპარატი მოხსნეს.
მონაწილეთა 13 პროცენტი, ანუ 7 პაციენტი კი დაიღუპა, ყველა მათგანის ასაკი 70 წელს აჭარბებდა. ავტორების თქმით, ეს აქამდე არსებულ ცნობებთან შედარებით, უფრო დაბალი მაჩვენებელია, თუმცა სათანადოდ შედარებისთვის საჭიროა კვლევები, სადაც რემდესივირს პაციენტების მსგავს ჯგუფზე გამოცდიან, მანამდე დასკვნების გამოტანა რთულია.
"ამ მონაცემებით ზუსტი დასკვნების გაკეთება არ შეგვიძლია, თუმცა პაციენტების ამ ჯგუფისგან მიღებული ინფორმაცია დამაიმედებელია. ჩვენ ველოდებით კონტროლირებული კლინიკური ცდების შედეგებს, რის შემდეგაც, შესაძლოა, ამ მიგნებების გამყარება შევძლოთ", — აცხადებს ლოს-ანჯელესის Cedars-Sinai Medical Center-ის ჰოსპიტალური ეპიდემიოლოგიის დირექტორი და კვლევის მთავარი ავტორი ჯონათან დ. გრეინი.
"შედეგები იმედის მომცემია", — განაცხადა მასაჩუსეტსის გენერალური ჰოსპიტალის ინფექციური დაავადებების სპეციალისტმა, პროფესორმა ელიზაბეთ ჰოჰმანმა.
კვლევა The New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები