Google თანამშრომლებს Zoom-ის გამოყენებას უკრძალავს
Zoom-ს კორონავირუსის პანდემიის დროს მუშაობისთვის და სოციალური ურთიერთობებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი უკავია, თუმცა გასულ კვირას Google-მა დასაქმებულებს შეატყობინა, რომ არასაკმარისი უსაფრთხოების გამო Zoom-ის გამოყენებას ვეღარ შეძლებენ.
"ჩვენი პოლიტიკის მიხედვით, თანამშრომლებს არაავტორიზებული პლატფორმების გამოყენების უფლებას არ ვაძლევთ. ახლახან, ჩვენმა უსაფრთხოების გუნდმა დასაქმებულებს შეატყობინა, რომ Zoom-ის დესკტოპ ვერსიის გამოყენება კორპორაციულ კომპიუტერებზე აღარ შეეძლებათ, რადგან იგი ჩვენი უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ხოსე კასტანედამ. "ხოლო თანამშრომლები, რომლებიც Zoom-ს ოჯახთან და მეგობრებთან დასაკავშირებლად იყენებენ, ამას ბრაუზერისა და მობილურის მეშვეობით ისევ შეძლებენ".
Zoom პირველად 2019 წელს გამოჩნდა და პლატფორმის მიზანს კომპანიებისთვის ვიდეოკონფერენციების ჩატარების შესაძლებლობის მიცემა წარმოადგენდა. ამჟამად კი აპლიკაცია გაკვეთილებისთვის და სხვა მრავალი აქტივობისთვის გამოიყენება.
თუმცა Zoom-ზე მოთხოვნა მას შემდეგ მცირდება, რაც მისი უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ გარკვეული ცნობები გავრცელდა. გამოძიებებმა აჩვენა, რომ iPhone-ისა და iPad-სთვის განკუთვნილი Zoom-ის აპლიკაცია მომხმარებლების მოწყობილობების მონაცემებს Facebook-ს უგზავნიდა, მათ შორის იმ ადამიანების ინფორმაციასაც, რომლებსაც Facebook ანგარიში საერთოდ არც ჰქონდათ.
Zoom-მა Facebook-სთვის მონაცემების გაგზავნა შეწყვიტა, თუმცა აშშ-ის უსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს (NSA) ყოფილმა თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომ პლატფორმას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, Zoom-ში განხორციელებული ზარები ისე დაშიფრული არ იყო, როგორც ამას კომპანია ამტკიცებდა.
გასულ კვირას კომპანიის გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ზოგიერთმა ვიდეო ზარმა "შემთხვევით" ჩინეთის სერვერების გავლით გაიარა, როდესაც ეს არ უნდა მომხდარიყო.
Goolge პირველი კომპანია არაა, რომელმაც თანამშრომლებს Zoom-ის გამოყენება აუკრძალა. მიმდინარე თვის დასაწყისში პლატფორმა SpaceX-ში დასაქმებულებისთვისაც აიკრძალა. ახლახან კი, Zoom-ის გამოყენება ნიუ-იორკის სკოლებმაც შეწყვიტეს.
კომენტარები