პირველად, 5 წლით გაყინული მოუმწიფებელი კვერცხუჯრედის განაყოფიერებით ბავშვი დაიბადა
მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის შედეგად უნაყოფოდ დარჩენილი ქალის მოუმწიფებელი კვერცხუჯრედები შეაგროვეს, გაყინეს, 5 წელიწადში კი ამ კვერცხუჯრედების ხელოვნური განაყოფიერებით ბავშვი დაიბადა.
იმის გამო, რომ კვერცხუჯრედები 5 წლის განმავლობაში გაყინულები იყვნენ, მეცნიერები არ იყვნენ დარწმუნებული, რომ მათი განაყოფიერება საერთოდ შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა ექსპერიმენტი წარმატებული გამოდგა. ახალშობილი ბიჭი, სახელად ჯულსი ჯანმრთელი დაიბადა.
"ჩვენ არ ვიცოდით, რომ გაყინული კვერცხუჯრედი ნაყოფიერებას დიდი ხნის შემდეგ შეინარჩუნებდა", — ამბობს მკვლევარი მიშელ გრინბერგი.
ბავშვის დედა კვერცხუჯრედის ჩაბარების დროს 29 წლის იყო და მკერდის სიმსივნის სამკურნალოდ ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. სიმსივნის მკურნალობის კურსს უნაყოფობა ხშირად ახასიათებს ხოლმე, რის გამოც მეცნიერებმა ქალის მოუმწიფებელი კვერცხუჯრედები შეინახეს.
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალმა სიმსივნე დაამარცხა, მისი თხოვნით, ექიმებმა შენახული 7 კვერცხუჯრედის სპერმით ხელოვნური განაყოფიერება სცადეს. აქედან წარმატებით მხოლოდ ერთი კვერცხუჯრედი განაყოფიერდა.
ბავშვი 2019 წლის 6 ივლისს დაიბადა, ამ დროს დედა 34 წლის იყო.
გრინბერგის თქმით, ეს პროცედურა საკმაოდ მოუხერხებელი და რთულია, თუმცა ქალებს, რომლებსაც ბავშვის ყოლის სხვა გზა აღარ აქვთ შესაძლებლობას აძლევს, რომ მშობლები გახდნენ.
ბავშვის დაბადების და ხელოვნური განაყოფიერების პროცედურის შესახებ, დეტალები ჟურნალ Annals of Oncology-ში გამოქვეყნდა.
გრინბერგის თქმით, იგივე პროცედურის შედეგად, კიდევ რამდენიმე ყოფილი ონკოლოგიური პაციენტი დაფეხმძიმდა.
ხელოვნურად მომწიფებული კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგად დაფეხმძიმება აქამდეც ხერხდებოდა, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როცა კვერცხუჯრედი წლების მანძილზე გაყინული იყო.
კომენტარები