კორონავირუსის ინფექციების უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს — კვლევა
ამ მომენტისთვის ახალი კორონავირუსით 1 900-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ინფიცირებულია დაახლოებით 72 000. ახლახან კი Chinese Journal of Epidemiology-ში გამოქვეყნდა კორონავირუსის გავრცელებისა და პათოფიზიოლოგიის ამ დრომდე ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევა, რომლის შედეგებიც საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება.
კვლევის ფარგლებში COVID-19-ის ინფექციის 72 314 შემთხვევაა შესწავლილი.
როგორც ირკვევა, ინფექციის შემთხვევების 80,9 პროცენტი მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს, შემთხვევების 13,8 პროცენტი მძიმეა, ხოლო კრიტიკული მხოლოდ 4,7 პროცენტია.
კვლევის მიხედვით, ინფექციის ლეტალურობის ყველაზე მაღალი რისკი გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებს აქვთ. როგორც ჩანს, კორონავირუსით სიკვდილის რისკი ასევე მაღალია დიაბეტის და სასუნთქი სისტემის ქრონიკული ანთების მქონე ინდივიდებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ორი ახალდაბადებული დაავადდა, 9 წლამდე ასაკის ბავშვებში სიკვდილიანობა არ შეინიშნება.
39 წლის ასაკამდე კორონავირუსით ინფიცირებულთაგან მხოლოდ 0,2% გარდაიცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ დაავადება კაცებზე უფრო მეტად ვრცელდება, ვიდრე ქალებზე.
დაავადების ლეტალურობა ასაკთან ერთად იზრდება. მაგალითად, კორონავირუსის მქონე 70 წელს გადაცილებული პაციენტების 8 პროცენტი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, კორონავირუსით ინფიცირებული ინდივიდების 2,3 პროცენტია დაღუპული.
კვლევაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა უმეტესობა (86%) ქალაქ უხანის მაცხოვრებელი იყო ან ეპიდემიის აღმოცენების მომენტში იქ იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ით ინფექცია აღინიშნება სამედიცინო პერსონალშიც, რომლებიც დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტში იმყოფებოდნენ.
საერთო ჯამში, კორონავირუსი სამედიცინო პერსონალის 3 019 დასაქმებულს აღმოაჩნდა, აქედან 5 კი გარდაიცვალა.
ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის 38,9 პროცენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თებერვლის დასაწყისში ეს რიცხვი 12,7%-მდე დაეცა.
კვლევა იმედის მომცემია, რადგან ინფექციის გავრცელება მნიშვნელოვნად შენელდა. როგორც ჩანს, უხანის კარანტინში მოქცევის გადაწყვეტილება წარმატებული აღმოჩნდა.
კვლევის ბოლოს აღნიშნულია, რომ ეპიდემია, შესაძლოა, ისევ გამწვავდეს, როცა ჩინეთიდან გამგზავრებული ტურისტები სამშობლოს დაუბრუნდებიან. ამასთანავე, შესაძლებელია, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადოს და უფრო მწვავე ფორმით გამოვლინდეს.
კომენტარები