Google კორონავირუსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას ებრძვის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კორონავირუსის შესახებ გავრცელებული ცრუ ცნობების წინააღმდეგ ბრძოლას გუგლთან ერთად აპირებს.
ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მიღებას გუგლის მეშვეობით გადაწყვეტენ, ძიების შედეგებში პირველ რიგში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდს ნახავენ, რაც საგრძნობლად შეამცირებს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებასა და ამავე ინფორმაციით ადამიანების დაზიანების რისკებს.
WHO-ს გენერალური დირექტორის ტედროს გებეისუსის თქმით, ორშაბათს, აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრაზე სხვა სოციალური პლატფორმები, როგორიცაა ტვიტერი, ფეისბუქი, Tencent და Tik-Tok შეთანხმდნენ ისეთი ნაბიჯების გადადგმაზე, რომელიც სოციალურ ქსელებში ცრუ ინფორმაციისა და ჭორების გავრცელებას შეუშლის ხელს.
"შეთანხმების საფუძველზე, როდესაც ადამიანები ინფორმაციას გუგლში მოძებნიან, ძებნის სათავეში მათ ყოველთვის WHO-ს ოფიციალური ვებგვერდი შეხვდებათ", — განაცხადა მან.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსის აფეთქება დაიწყო, ინტერნეტში უამრავი ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. მრავლად იყო შეთქმულების თეორებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ვირუსი ლაბორატორიებში შეიქმნა. ასევე ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია მკურნალობის გზებზეც, რამაც, შესაძლოა, ადამიანებს კიდევ დამატებითი ზიანი მიაყენოს.
კომენტარები