ფოტოები: ეს ზღაპრული, ფერად-ფერადი ციყვები ინდოეთის ტყეებში ბინადრობენ
ამ ფერად-ფერადი ციყვების არსებობის დაჯერება ბევრისთვის საკმაოდ რთულია და ხშირად ჰგონიათ, რომ საქმეში ფოტოშოპია ხოლმე გარეული. თუმცა გიგანტური ინდური ციყვი, ცნობილი როგორც Ratufa Indika, ნამდვილად არსებობს და იგი ინდოეთის სამხრეთ ნაწილში ბინადრობს.
უნდა გითხრათ ისიც, რომ ეს გიგანტური ციყვის ერთადერთი სახეობა არაა. მის გარდა, კიდევ სამი გიგანტური ციყვი არსებობს.
პირველია Ratufa affinis, ის ტაილანდში, მალაიზიაში, სინგაპურსა და ინდონეზიაში გვხვდება და ყავისფერი შეფერილობისაა. შემდეგია Ratufa bicolor, რომელიც, როგორც წესი, შავ-თეთრია და ძირითადად იმავე რეგიონში ბინადრობს. მესამე ციყვი, Ratufa macroura, შრი-ლანკაში ცხოვრობს და ძირითადად შავი ან ყავისფერია.
ინდური ციყვი მხოლოდ ზომითა და იისფერი შეფერილობით არ გამოირჩევა. იგი დანარჩენი ციყვებისგან სხვა თვისებითაც განსხვავდება. იმის მაგივრად, რომ საკვების მარაგი სხვებივით მიწის ქვეშ შეინახოს, იგი საცავს ხის კენწეროში ამზადებს.
თუმცა, საინტერესოა რატომ აქვთ გიგანტურ ინდურ ციყვებს მარტივად შესამჩნევი ბეწვის შეფერილობა მაშინ, როდესაც ინდოეთის ტყეებში მრავალი სხვადასხვა მტაცებელია, რომელთა უმეტესობაც მღრნელებზე ნადირობს.
დიდი ალბათობით, მათი მეწამული ბეწვი კამუფლაჟის ნაწილია, რადგან ფართოფოთლოვანი ტყეები, სადაც ციყვები ცხოვრობენ, მზის ლაქებითა და მუქი ჩრდილებით ჭრელ მოზაიკას ქმნის. ეს ხასხასა ფერები კი ციყვს ამ ჭრელ გარემოში შენიღბვაში ეხმარება.
ინდური ციყვი 20 წლის წინ გადაშენების პირას მყოფ სახეობად გამოცხადდა, თუმცა ახლა მათი რაოდენობა სტაბილურია.
კომენტარები