Crew Dragon-ის საევაკუაციო სისტემის ტესტირებამ წარმატებით ჩაიარა
ახლახან SpaceX-ის საეკიპაჟო ხომალდმა საევაკუაციო სისტემის შემოწმება წარმატებით გაიარა. შემოწმება კანავერალის კონცხზე, ფლორიდაში ჩატარდა. კაფსულა მგზავრებით არ ყოფილა დაკომპლექტებული, მასზე მხოლოდ ორი მანეკენი იმყოფებოდა.
ფრენა ცხრა წუთი გაგრძელდა, შემოწმებისთვის SpaceX-მა თავისი რაკეტა ფალკონ 9 გამოიყენა. გაშვებიდან 84-ე წამზე, რაკეტის მთავარმა ძრავებმა მუშაობა შეწყვიტა, სწორედ ამ დროს კაფსულა მისგან განცალკევდა და პარაშუტების მეშვეობით ატლანტიკის ოკეანეში წარმატებით ჩაეშვა.
NASA-ს კომერციული პილოტირებული ფრენების პროგრამის მენეჯერმა, კეიტ ლოდერსმა განაცხადა, რომ ხომალდის ავარიული სისტემის გამოცდა ბოლო და საკვანძო ეტაპი იყო, რის შემდეგაც ხომალდის ასტრონავტებით დაკომპლექტდება შესაძლებელი ხდება.
Crew Dragon-ით ასტრონავტები დაგ ჰარლი და რობერტ ბენკენი იმოგზაურებენ. ისინი შემოწმებას თვალყურს ადევნებდნენ.
"გაშვების პროცესი საკმაოდ სასიამოვნო სანახავი იყო. ჩვენი ოჯახები სახლებიდან გვაკვირდებოდნენ, ისინი დაინტერესებულები არიან მიმდინარე მოვლენებით. რაც შეეხება მგზავრობის პროცესს, უშუალოდ ფრენის დროს ძალიან ბევრ რამეზე ფიქრობ და უამრავ ემოციას განიცდი", — განაცხადა ჰარლიმ.
მოცემულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ სცილდება კაფსულა ამაჩქარებელს.
NASA-მ SpaceX და Boeing ათი წლის წინ დაიქირავა ასტრონავტების კოსმოსურ სადგურამდე ტრანსპორტირებისთვის. 2011 წლის შემდეგ ასტრონავტებს ამერიკის მიწიდან გაფრენის საშუალება არ ჰქონიათ.
"უბრალოდ შესანიშნავია იმის წარმოდგენა, რომ ასტრონავტები სადგურზე გამგზავრებას ამერიკის მიწიდან შეძლებენ, რაც თითქმის ათწლეულია არ მომხდარა", — განაცხადა SpaceX-ის დამაარსებელმა ილონ მასკმა.
უკვე დიდი ხანია, რაც NASA რუსულ ხომალდებზეა დამოკიდებული. კომერციული პროგრამის მეშვეობით კი შესაძლებელი იქნება კოსმოსურ სადგურამდე ასტრონავტების ამერიკიდან გაშვება.
გასულ მარტს, SpaceX-მა უპილოტო ხომალდი წარმატებით გაუშვა, თუმცა ერთი თვის შემდეგ იგი დაშვების ტესტირების დროს აფეთქდა. გასულ თვეს კი, Boeing-ის ხომალდი Starliner ჩაშენებული საათის გაუმართაობის გამო არასწორ ორბიტაზე აღმოჩნდა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით გაგრძელდება, წელს, შესაძლოა, ამერიკიდან კოსმოსურ სადგურზე პირველი ეკიპაჟიც გაფრინდეს.
კომენტარები