საკუთარი სახეობის გადამრჩენელი კუ, რომელსაც 800 შვილი ჰყავს, პენსიაზე გადის
1970 წელს გალაპაგოსის გიგანტური კუ (Chelenoidis Hoodensis) გადაშენების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ამ დროს კუნძულზე მხოლოდ 14 კუ იყო დარჩენილი. ამიტომ მეცნიერებმა დასახმარებლად დიეგოს მიმართეს. დიეგო ზემოხსენებული სახეობის წარმომადგენელია. ის დაახლოებით 100 წლისაა და, როგორც ჩანს, გალაპაგოსის მდედრი კუების თვალში, იდეალური მამაკაცია. კუნძულზე დაბრუნებამდე დიეგო 30 წლის მანძილზე ქალების გულებს სან-დიეგოს ზოოპარკში იტაცებდა.
1976 წელს მეცნიერებმა დიეგო გასამრავლებლად გალაპაგოსში დააბრუნეს, სადაც ის დღემდე ინტენსიურად მრავლდებოდა, რის შედეგადაც ის 800-ზე მეტი კუს მამა გახდა.
ახლა კი დიეგო ველურ ბუნებას უბრუნდება და პენსიაზე გადის.
მიუხედავად იმისა, რომ 1976 წლის მერე დატოვებული შთამომავლობის 40% დიეგოს ეკუთვნის, გალაპაგოსის ქალ კუებს სხვა მამრიც არანაკლებ მოსწონთ. საუბარია კუზე, სახელად E5-ზე, რომელსაც სრული შთამომავლობის 60% ეკუთვნის.
დიეგოს პოპულარობა განპირობებულია მისი ხასიათით. E5-ისგან განსხვავებით, დიეგო საკმაოდ აგრესიული და ხმაურიანია.
სწორედ დიეგოს დამსახურებით, მისი სახეობის კუები გადაშენების პირას აღარ არიან და ძველებურად აკეთებენ იმას, რაც ასე კარგად გამოსდით – მეტწილად არაფერს.
დიეგო მარტოსულ ჯორჯში (Chelonoidis abingdonii) არ აგერიოთ, რომელიც თავისი სახეობის უკანასკნელი კუ იყო და 2012 წელს გარდაიცვალა.
კომენტარები