SpaceX-მა ორბიტაზე Starlink-ის კიდევ 60 თანამგზავრი გაუშვა
სულ რამდენიმე საათის წინ SpaceX-მა კოსმოსში უკვე 3-ჯერ ნამყოფი Falcon 9-ით ორბიტაზე Starlink-ის 60 თანამგზავრი გაუშვა.
ეს თანამგზავრები SpaceX-ის პროექტის, Starlink-ის ნაწილია. ეს თანამგზავრების ჯგუფია, რომლებმაც მომავალში დედამიწის ნებისმიერ წერტილში სწრაფი ინტერნეტის წვდომა უნდა უზრუნველყონ. SpaceX-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი მომხმარებლებისთვის ინტერნეტის შეთავაზებას 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებენ.
თუმცა პროექტის სრულად განხორციელებამდე ჯერ კიდევ დიდი შრომაა საჭირო. კომპანიამ კომუნიკაციების ფედერალური კომისიისგან 12 000 თანამგზავრის გაშვების ნებართვა მოიპოვა. SpaceX-ს გეგმებით, 2020 წლის ბოლომდე 12 000-ვე თანამგზავრი უკვე ორბიტაზე უნდა იყოს. ამჟამინდელი მდგომარეობით, დღევანდელი გაშვების ჩათვლით, ორბიტაზე ჯერ მხოლოდ 120-მდე თანამგზავრია.
პროექტი რამდენჯერმე გააკრიტიკეს ასტრონომებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ თანამგზავრების მიერ არეკლილმა მზის შუქმა, შესაძლოა, ასტრონომიულ დაკვირვებებს ხელი შეუშალოს. ამის საპასუხოდ ილონ მასკმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი დაკვირვებების დროს თანამგზავრების ორიენტაციის შეცვლა იქნება შესაძლებელი, ისე, რომ მზის ანარეკლი მაქსიმალურად შემცირდეს.
კოსმოსში ამ კონკრეტული Falcon 9-ის მე-4 ფრენა წარმატებული გამოდგა და თანამგზავრები ხომალდს უკვე გამოეყვნენ. რაკეტა კი SpaceX-ის სპეციალურ გემზე, რომელსაც Of Course I Still Love You ჰქვია, უკვე დაეშვა.
კომენტარები