მექსიკაში მამონტების პრეისტორიული ორმო-ხაფანგი აღმოაჩინეს, 800-ზე მეტი ძვლით
მექსიკელი არქეოლოგები აცხადებენ, რომ მათ 15 000 წლის წინ გაკეთებული ორმო-ხაფანგი აღმოაჩინეს, სადაც პრეისტორიული ადამიანები მამონტებს ატყვევებდნენ.
მექსიკის ანთროპოლოგიისა და ისტორიის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოჩენის შესახებ ოთხშაბათს განაცხადეს და დაამატეს, რომ ორმოში დაახლოებით 14 მამონტის ძვლები იპოვეს.
მონადირეებს მამონტების ხაფანგებთან მისარეკად, შესაძლოა, ჩირაღდნები გამოეყენებინათ. ორმოები სიღრმეში დაახლოებით 1,70 მეტრისაა, მათი დიამეტრი კი 22 მეტრადეა. მამონტის ერთ-ერთ თავის ქალას შუბით მიყენებული დარტყმა აღენიშნებოდა.
"ამ დრომდე იმის მხოლოდ მწირი ფაქტობრივი მტკიცებულება არსებობდა, რომ ადამიანები მამონტებზე უშუალოდ ნადირობდნენ. მიჩნეული იყო, რომ ისინი მამონტებს აშინებდნენ და ჭაობებისკენ დევნიდნენ, სადაც ისინი იძირებოდნენ და კვდებოდნენ. ეს კი მამონტებზე პირდაპირი შეტევის მტკიცებულებაა. ჩვენ ვხედავთ, რომ აქ მიზანი მამონტებისთვის ზიანის მიყენება იყო", — აცხადებს გუნდის ლიდერი ლუის კორდოვა.
არქეოლოგი კორდავა ბარადასი აცხადებს, რომ ხაფანგების აგების დროს ამ ტერიტორიაზე სავარაუდოდ მამონტების 6 სხვადასხვა ჯგუფი ცხოვრობდა. მისი თქმით, ასევე შესასწავლია აღმოჩენილი ნამარხების დიდი ნაწილი და ის, თუ რა დანიშნულებით იყენებდნენ მონადირეები ძვლებს.
"აღსანიშნავია, რომ ხაფანგში მხოლოდ მარჯვენა ბეჭის ძვლები ვიპოვეთ, მარცხენა ბეჭის ძვლები კი არსად ჩანს, — რატომ?", — კითხულობს ის.
ხაფანგში ასევე ნაპოვნია აქლემის ხერხემლის და ყბის ძვალი, ისევე როგორც ცხენის კბილი. მოგვიანებით ამერიკაში ეს ორივე სახეობა გადაშენდა.
კომენტარები