ტვიტერის CEO-მ ფეისბუქი ახალი ლოგოს გამო დატროლა
ორშაბათს ყველაზე პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა განაცხადა, რომ ის დამფუძნებელი კომპანიის (რომელსაც ასევე ფეისბუქი ჰქვია) ლოგოს აახლებდა. ფეისბუქი, სოციალურ ქსელ ფეისბუქის გარდა WhatsApp-ს, Instagram-ს, Facebook Messenger-ს და კიდევ რამდენიმე სხვა ბრენდს ფლობს. განახლებულ ლოგოს კი სწორედ ამ აპლიკაციებში შევხვდებით.
კომპანიის თქმით, რებრენდინგის მიზანია, რომ ფეისბუქის აპლიკაცია ბრენდ ფეისბუქისგან კიდევ უფრო გაიმიჯნოს.
ახალმა ლოგომ ინტერნეტში გამოხმაურება სწრაფადვე გამოიწვია. სამშაბათს ტვიტერის CEO-მ, ჯეკ დორსიმ ფეისბუქის რებრენდინგი ტვიტით გააშარჟა.
თუმცა, ეს დორსისგან გასაკვირი არ არის. მას ფეისბუქი და ცუკერბერგი საჯაროდ აქამდეც არაერთხელ გაუკრიტიკებია.
ცუკერბერგმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ კომპანია სიცრუის შემცველ პოლიტიკურ რეკლამებს პლატფორმიდან არ მოხსნიდა, რის გამოც დიდი კრიტიკაც დაიმსახურა. თუმცა, ცუკერბერგმა ეს გადაწყვეტილება სიტყვის თავისუფლების დაცვის მოტივით გაამართლა.
ამის ფონზე, გასულ კვირას, დორსიმ თქვა, რომ ტვიტერი პლატფორმაზე ყველა სახის პოლიტიკურ რეკლამას აკრძალავს.
"ეს საკითხი სიტყვის თავისუფლებას არ ეხება. ეს ეხება თანხის სანაცვლოდ, რაც შეიძლება მეტ ადამიანზე წვდომას. პოლიტიკური მესიჯების თანხის სანაცვლოდ გავრცელებას მნიშვნელოვანი გართულებები შეიძლება მოჰყვეს, რასთან გასამკლავებლადაც ამჟამინდელი დემოკრატიული ინფრასტრუქტურა მზად, შესაძლოა, არ იყოს. ამ შემთხვევაში უკან დახევა და კარგად დაფიქრება სჯობს", — ამბობს ის.
კომენტარები