ფეისბუქი ახალი ამბების ფუნქციას ტესტავს
ფეისბუქმა აშშ-ში საკუთარი მობილური აპლიკაციის ახალი ფუნქციის, Facebook News-ის ტესტირება დაიწყო. ამჟამად ფეისბუქის ახალი ამბები მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი, შეზღუდულია ახალი ამბების წყაროებიც, ჯერჯერობით აპლიკაციის ახალ პანელში მხოლოდ The Wall Street Journal, USA Today-სა და BuzzFeed-ს შევხვდებით.
ფეისბუქი პროგრამაში ჩართული გამომცემლების ნაწილს ახალი ამბების სანაცვლოდ თანხასაც უხდის, რაც ამ სფეროში ჩართული კომპანიებისთვის, შესაძლოა, შემოსავლის ახალ წყაროდ იქცეს.
ფეისბუქის ახალ ამბებს ზედამხედველობას კურატორები გაუწევენ, ისევე, როგორც ამას Apple აკეთებს. ახალი ამბების პანელში დღევანდელი ამბების გრაფას შეხვდებით, სადაც დღის მთავარი მოვლენებია მოცემული. კომპანიის თქმით, ფუნქცია მომხმარებელზე იქნება მორგებული და ის ახალ ამბებს თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე აარჩევს.
რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომია კატეგორიებიც, როგორიცაა ბიზნესი, გართობა, მეცნიერება და ტექნოლოგია, ჯანმრთელობა და სპორტი. ფეისბუქი აცხადებს, რომ კურატორების გადაწყვეტილებებში კომპანიიდან არავინ ერევა და მათ სრული თავისუფლება აქვთ.
ჯერჯერობით უცნობია რამდენ გამოცემასთან ითანამშრომლებს ფეისბუქი დასაწყისში, თუმცა მათივე თქმით კომპანია ახალ წყაროებს მუდმივად ამატებს.
საუკეთესო შემთხვევაში, ფეისბუქის ახალი ამბების პანელი, შესაძლოა, გახდეს ადგილი, სადაც მომხმარებლები ხარისხიან და სანდო ახალ ამბებს მიიღებენ. რაც, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩნდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამად News Feed ყალბი და ყურადღების მიმქცევი ცრუ სიახლეებითაა სავსე.
თუმცა, ფეისბუქის წარსული სავსეა სკანდალებითა და შეუსრულებელი დაპირებებით, შესაბამისად, დასკვნების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია.
კომენტარები