მსოფლიოში 19-ზე ნაკლები ვაკიტაა დარჩენილი
ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში სულ 19-ზე ნაკლები ვაკიტაა დარჩენილი. ვაკიტა ზღვის ღორების ოჯახის წარმომადგენელია.
"აღსანიშნავია, რომ კვლევის მიდგომა ზუსტი რაოდენობის დასახელების საშუალებას არ იძლევა. რეალურად, ამ მოდელის მიხედვით, ვაკიტების რაოდენობა, შესაძლოა, გაცილებით ცოტა, მაგალითად, 6-იც კი იყოს", — აცხადებს წმინდა ენდრიუს უნივრსიტეტის სტატისტიკოსი ლენ ტომასი.
ვაკიტების ამჟამინდელი პოპულაცია კალიფორნიის ყურეში ცხოვრობს. მათ რაოდენობის დასადგენად მკვლევარებმა ოკეანეში განთავსებული აკუსტიკური სენსორები გამოიყენეს, რომლითაც ვაკიტების მიერ გამოცემული ბგერები დააფიქსირეს. ვაკიტების მონიტორინტი პირველად 2011 წელს დაიწყო, ამჟამინდელი ინფორმაციით კი, დღეს მათი რაოდენობა 98,6 პროცენტითაა შემცირებული.
ვაკიტები ძირითადად თევზჭერისთვის გამოყენებულ ვერტიკალურ ბადეებში იხლართებიან, სადაც ისინი მალევე იღუპებიან. მექსიკის მთავრობამ ამ ტიპის ბადეების გამოყენება 2015 წელს აკრძალა, თუმცა მსგავსი მეთოდები უკანონოდ მაინც გამოიყენება. აკრძალვის მიუხედავად, 2015 წლის შემდეგ მსგავს ბადეებში 10-ზე მეტი დაღუპული ვაკიტაა ნაპოვნი.
"კვლევა აღიარებული მეცნიერების მიერაა ჩატარებული და ის კარგად აჩვენებს, რომ პლანეტაზე, შესაძლოა, 19-ზე ნაკლები ვაკიტა იყოს დარჩენილი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ვაკიტების ნაწილს აღნიშნული არეალიდან სხვა ტერიტორიაზე გადაენაცვლათ. ასევე არსებობს გარკვეული სირთულეები ექოლოკაციური მონაცემების დამუშავებასთან მიმართებაში, თუმცა გუნდმა შეცდომების გამოსარიცხად მაქსიმუმი გააკეთა", — აცხადებს ბენგორის უნივერსიტეტის პროფესორი პიტერ ევანსი, რომელიც კვლევაში ჩართული არ იყო.
ტომასის თქმით, ვაკიტების გადაშენებისგან დასაცავად ერთი წელი გვაქვს დარჩენილი.
"თუ მექსიკის მთავრობა მოინდომებს და საკმარის რესურსებს გამოჰყოფს, ის უკანონო თევზჭერის აღკვეთას და ვაკიტების გადარჩენას მარტივად შეძლებს", — ამბობს ის.
კომენტარები