შოტლანდიამ ქარის მეშვეობით ორი შოტლანდიის სამყოფი ენერგია გამოიმუშავა
ბოლო დროს განახლებადი ენერგიის რეკორდები მუდმივად იხსნება. ქვეყნების დიდი ნაწილი ცდილობს, რომ განახლებადი ენერგიაში დიდი რაოდენობის რესურსი ჩადოს. ახლა კი კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე გვაქვს. 2019 წლის პირველ ნახევარში შოტლანდიამ ქარის ტურბინებით იმდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რამდენიც ქვეყანაში არსებული ოჯახების გაორმაგეულ რაოდენობას ეყოფოდა.
უფრო კონკრეტულად კი ტურბინებმა იანვრიდან ივნისამდე 9,8 მილიონი მეგავატ-საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, ეს 4,47 მილიონი ოჯახის მოსამარაგებლადაა საკმარისი, შოტლანდიაში კი ამჟამად მხოლოდ 2,6 მილიონი ოჯახი ცხოვრობს.
ეს შოტლანდიისთვის ახალი რეკორდია. ამ რაოდენობის ენერგიით შოტლანდია ჩრდილოეთ ინგლისის უმეტესი ნაწილის ელექტრომომარაგებასაც შეძლებს.
დიდი ბრიტანეთი განახლებადი ენერგიის წყაროებს საკმაოდ წარმატებით იყენებს, სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ პირველად შეძლეს, რომ შვიდი დღის განმავლობაში ელექტროენერგიის მისაღებად ქვანახშირი არ გამოეყენებინათ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა გეგმავს, რომ 2025 წლისთვის ქვანახშირი მოხმარებიდან სრულად ამოიღოს და როგორც ჩანს, ამ მიზნის მიღწევაში შოტლანდია ნამდვილად დიდ როლს ითამაშებს.
კომენტარები