Oppo-მ მსოფლიოს პირველი ეკრანქვეშა კამერა წარადგინა
ბოლო რამდენიმე წელია სმარტფონის მწარმოებლები მუდმივად ცდილობენ, რომ ტელეფონის ეკრანი ზომაში მაქსიმალურად გაზარდონ. ამ დროს, რა თქმა უნდა, თავს იჩენს ბუნებრივი პრობლემა.
სად უნდა მოვათავსოთ სელფის კამერა?
კომპანიები უკვე დიდი ხანია მუშაობენ ისეთი ტექნოლოგიის შექმნაზე, რომლის საშუალებითაც ეკრანში კამერის ინტეგრირება მოხდება. ისევე, როგორც ეს თითის ანაბეჭდის სენსორების შემთხვევაში მოხდა.
დღეს Oppo-მ შანხაიში მსოფლიოში პირველი ეკრანქვეშა კამერის პროტოტიპი წარადგინა, რომლის თიზერიც ჯერ კიდევ თვის დასაწყისში გავრცელდა. კომპანიამ ასევე განავრცო, თუ დაახლოებით როგორ მუშაობს ახალი ტექნოლოგია.
Oppo-ს თქმით, ეკრანისთვის ისინი სპეციალურად დამზადებულ გამჭვირვალე მასალას იყენებენ, რომელიც პიქსელების ახლებური სტრუქტურის გამოყენებით სინათლეს კამერამდე მიღწევის საშუალებას აძლევს. როგორც ცნობილია, კამერაში გამოყენებული სენსორი სხვა სელფის კამერებთან შედარებით უფრო დიდია. კამერის წინ არსებული ეკრანი კი შეხებაზე კვლავ რეაგირებს. Oppo აცხადებს, რომ კამერის ჩამონტაჟება ეკრანის ხარისხზე გავლენას არ მოახდენს.
Engadget Chinese-ის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ზოგ შემთხვევებში ეკრანზე კამერის სივრცე შესამჩნევია.
Oppo-ს გაცნობიერებული აქვს, რომ კამერის წინ ეკრანის განთავსება ფოტოს ხარისხს გააუარესებს. კომპანიის თქმით, ამ პრობლემების გასანეიტრალებლად მათ სპეციალური ალგორითმები შექმნეს, რომელთა მეშვეობითაც ეკრანქვეშა კამერით გადაღებული ფოტოების ხარისხი სხვა სმარტფონების მიერ გადაღებული ფოტოების ხარისხს უტოლდება.
ჯერჯერობით უცნობია როდის გახდება მსგავსი ტექნოლოგიით აღჭურვილი სმარტფონი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. კომპანიის თქმით, ეს "უახლოეს მომავალში" მოხდება.
კომენტარები