შენ გარშემო უამრავი ინტერნეტმახეა! ნახე, როგორ უნდა დაიცვა თავი
21-ე საუკუნეში ციფრული, ვირტუალური სამყარო იმ სივრცედ გადაიქცა, რომელშიც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად უამრავ დროს ატარებს. ისევე როგორც რეალურ სამყაროში, ინტერნეტშიც არსებობს მრავალი საფრთხე, რომლისგანაც თავი აქტიურად უნდა დაიცვა. უფრო მეტიც, საკუთარი ინფორმაციის დაცვის ვალდებულება ყველა ადამიანს აქვს. გახსოვდეს, შენს პირად, კონფიდენციალურ ინფორმაციაზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ.
ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ფიშინგია. ამ დროს თავდამსხმელი, შესაძლოა, თქვენს შეცდომაში შესაყვანად კარგად ცნობილი ბრენდის გაყალბებულ ლოგოს, სახელს ან ვებგვერდს იყენებდეს.
ამ სტატიაში კი გაგიზიარებ იმ რჩევებს, რომელთა დახმარებითაც ინტერნეტის უსაზღვრო სივრცეში თავს უსაფრთხოდ იგრძნობ.
ყოველთვის გადაამოწმე მისამართის ველი
ადამიანების შეცდომაში შესაყვანად ინტერნეტთაღლითები ხშირად სპეციალურ ყალბ ვებგვერდებს ქმნიან, რომელიც რომელიმე თქვენთვის კარგად ნაცნობი ბრენდის ვებგვერდს წააგავს. იმისთვის, რომ ასე არ მოტყუვდეთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად ავთენტურ ვებგვერდზე იმყოფებით. თუ მისამართის ველში ერთით მეტ ან ნაკლებ ასოს ხედავთ, თქვენ, შესაძლოა, თაღლითობის მსხვერპლი იყოთ.
არავის გაუზიარო პაროლი და ერთჯერადი კოდი
გახსოვდეთ, რომ თქვენი პაროლი მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გეკუთვნით. ის არც თქვენმა მეგობარმა, არც ოჯახის წევრმა და არც თანამშრომელმა არ უნდა იცოდეს. ასევე უმჯობესია, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე განსხვავებული პაროლი გამოიყენოთ.
ასევე არავის გაუზიაროთ ტელეფონზე მიღებული ერთჯერადი კოდები, რომლებიც სხვადასხვა ოპერაციის განსახორცილებლად გჭირდებათ.
არასდროს გააგზავნოთ პაროლი იმეილისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით.
არ ენდო საჯარო Wi-Fi-ს
საზოგადოებრივ სივრცეებში არსებულ უსადენო ინტერნეტს სენსიტიური ინფორმაციის გაგზავნისთვის ნუ გამოიყენებთ. ასეთ შემთხვევაში თაღლითებისთვის თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვა განსაკუთრებით ადვილია.
თაღლითური იმეილები
არ გახსნათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებული გაურკვეველი ფაილები. ასევე მოერიდეთ იმეილით მიღებულ ბმულებზე გადასვლას. თუ იმეილის საშუალებით რომელიმე კომპანია გიკავშირდებათ და რაიმე ხელსაყრელს გთავაზობთ, შეთავაზების ავთენტურობის გადამოწმება კომპანიასთან პირადად სცადეთ — დარეკეთ ცხელ ხაზზე, ან მისწერეთ მათ ოფიციალურ ვებგვერდზე.
თუ შეთავაზება ზედმეტად კარგად ჟღერს, სიფრთხილე გამოიჩინე
თუ ვინმე უფასო ფულს, 2-კვირიან საგზურს, სამსართულიან სახლსა და უდარდელ ცხოვრებას გპირდებათ, კარგად დაფიქრდით, რაიმე საეჭვოსთან ხომ არ გაქვთ საქმე. თაღლითები, როგორც წესი, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ თქვენს სურვილებზე ითამაშონ და შეცდომაში შეგიყვანონ.
შენი ინფორმაციის დაცვა შენივე ვალდებულებაა
ყველა ადამიანი საკუთარ ინფორმაციაზე თავადაა პასუხისმგებელი, თუ თაღლითებს სენსიტიურ ინფორმაციას გაუზიარებ, შესაძლოა, დიდი ზიანი მოგადგეს. საბედნიეროდ, ამ უსიამოვნების თავიდან არიდება მარტივია, იყავი ყურადღებით, გამოიჩინე სიფრთხილე, გაითვალისწინე მოცემული რჩევები და როდესაც საქმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ეხება, ყველა შენი ქმედება კარგად აწონ-დაწონე. ამ შემთხვევაში თაღლითები და ინტერნეტმახეები ვერაფერს დაგაკლებენ.
კომენტარები