რა სიმპტომები აქვს გულის შეტევას? — ვირუსული ტვიტის ავტორი საკუთარ გამოცდილებას ხსნის
გულის შეტევის, ანუ მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომები ხშირად ცალსახა არ არის, განსაკუთრებით კი ქალების შემთხვევაში.
ფილმებში გულის შეტევები, როგორც წესი, დრამატული და უეცარია: კაცს გულმკერდის არეში მოულოდნელი ტკივილი ეწყება, შემდეგ კი ის ეცემა. ტკივილი გულმკერდის არეში გულის შეტევის ერთ-ერთი სიმპტომი მართლაც არის, თუმცა მხოლოდ ერთ-ერთი. თანაც, გულის შეტევა ყველა ადამიანში შესაძლოა ინდივიდუალურად გამოვლინდეს.
მიოკარდიუმის ინფარქტი ვითარდება მაშინ, როდესაც გულის კუნთისადმი სისხლის მიწოდება ნაწილობრივ ან სრულად წყდება. ამის მიზეზი შესაძლოა სისხლძარღვების კედელზე დაგროვილი ნალექი, მაგალითად, ქოლესტერინი, ცხიმი ან რაიმე სხვა ნივთიერება გახდეს.
როდესაც ნალექი სისხლძარღვის კედელს სწყდება, იწყება სისხლის შედედება, რის გამოც გულის კუნთს სისხლი ვეღარ მიეწოდება, ამის შედეგად კუნთის ნაწილი ზიანდება ან კვდება. ეს გულის შეტევაა.
ერთ-ერთი ქალი, რომელიც გულის შეტევას გადაურჩა, ტვიტერზე საკუთარ გამოცდილებას ყვება.
"მე მსურს გავაფრთხილო ქალები, რომ ჩვენ შემთხვევაში გულის შეტევას განსხვავებული სიმტპომები აქვს. მე გულმკერდის მიდამოში ტკივილი არ მიგრძვნია. ეს ის სიმპტომები არ იყო, რასაც ბუკლეტებზე ვხვდებით ხოლმე. მე თავს ცუდად კვირების განმავლობაში ვგრძნობდი", — აცხადებს ის.
ქალს მწველი ტკივილი ზურგის ზედა მხარეში, მხრებსა და ხელებში აწუხებდა, რაც მას უბრალოდ დაჭიმული კუნთები ეგონა. მისი თქმით, ტკივილი საგანგაშო არ იყო, რის გამოც ინფარქტის წინა დღეს ის საკუთარი დედის დასახმარებლად სხვა შტატში მანქნითაც გაემგზავრა.
მეორე დღეს კი ის საავადმყოფოში აღმოჩნდა, სადაც მას ერთ საათში გულში ოთხი სტენტი ჩაუდგეს. სტენტი ინდიფერენტული მასალისგან დამზადებული პატარა წაგრძელებულ რგოლს ჰგავს, რომელსაც სისხლძარღვებში ათავსებენ, რათა სისხლმა შეუფერხებლად იმოძრაოს.
ექსპერტის თქმით, ქალებში გულის შეტევის შემჩნევა უფრო რთულია, ამის მიზეზი უფრო მსუბუქი და ნაკლებად შესამჩნევი სიმპტომებია. ქალებში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ჰაერის უკმარისობა, ტკივილი ყბის, მხრების, ხელებისა და ზურგის არეში, გულისრევა და დაღლილობა.
ექსპერტების თქმით, თუ რაიმე ისეთი აქტივობა, რასაც ჩვეულებრივ უპრობლემოდ ასრულებთ ხოლმე, მოულოდნელად ძალიან გიჭირთ, გულზე აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ.
რთულად შესამჩნევ სიმპტომებს ემატება ისიც, რომ ქალებს ხშირად მიაჩნიათ, რომ გულის შეტევა მხოლოდ კაცებს ემართებათ. ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის თქმით, ქალები გულის შეტევის სიმპტომებისას სამედიცინიო დახმარებას დაახლოებით 37 წუთით გვიან მიმართავენ ხოლმე.
გულის შეტევისას სამედიცინო დახმარების დროულად მიღება უმნიშვნელოვანესია.
პრობლემა ხშირად ექიმებშიც არის, ამიტომ, თუ პატარა ეჭვი მაინც გაქვთ, რომ შესაძლოა საქმე გულის შეტევასთან გქონდეთ, არ მოგერიდოთ, რომ ექიმს ამის შესახებ რამდენჯერმე გაუმეოროთ.
მსოფლიოს მასშტაბით გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყველაზე მეტი ქალი კვდება. ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გულის შეტევას ხელი შეუწყონ მაღალი ქოლესტერინი, დიაბეტი, ჭარბწონიანობა, მაღალი არტერიული წნევა, არააქტიური ცხოვრება და სტრესია.
გულის პრობლემებზე დღეს რუსთავი 2-ის გადაცემა სხვა შუადღეში ისაუბრეს.
კომენტარები