Crew Dragon ატლანტიკის ოკეანეში წარმატებით დაეშვა
დაახლოებით ერთი საათის წინ SpaceX-ის საეკიპაჟო ხომალდი Crew Dragon საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთკვირიანი მოგზაურობის შემდეგ ატლანტიკის ოკეანეში დაეშვა.
დედამიწაზე დაბრუნება ხომალდის საცდელი ფრენის საბოლოო ეტაპი იყო. ფრენის შედეგად SpaceX-მა დაამტკიცა, რომ კაფსულას ორბიტაზე გასვლა და შემდეგ დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნება შეუძლია, რაც ხომალდის პილოტირებული ფრენისაკენ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია.
ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დღეს დილით მოსცილდა, რის შემდეგადაც მან დედამიწის ატმოსფეროში შემოსასვლელად ძრავები რამდენჯერმე ჩართო.
ატმოსფეროში შემოსვლისას ხომალდის სიჩქარე ბგერისას აჭარბებს, მისი ზედაპირი კი ატმოსფეროში არსებულ გაზებთან ურთიერთქმედების გამო ძალიან ცხელდება. ილონ მასკის თქმით, მისიის ყველაზე კრიტიკული ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლის პროცედურა იყო.
Crew Dragon-ის სითბურ ფარს, რომელიც ხომალდს ატმოსფეროში შემოსვლისას გადახურებისგან იცავს, სხვა ხომალდებისგან განსხვავებით, ასიმეტრიული ფორმა აქვს, რის გამოც შესაძლოა ხომალდს ფრენისას მდგრადობა დაეკარგა და უკონტროლო ბრუნვა დაეწყო, თუმცა, საბედნიეროდ, ეს არ მოხდა.
ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ Crew Dragon-მა ოთხი მთავარი პარაშუტი გაშალა, რომელთა მეშვეობითაც ის ატლანტიკის ოკეანეში ფრთხილად დაეშვა.
ამჟამად ოკეანიდან კაფსულის ამოღებისა და მისი ნაპირზე დაბრუნების ოპერაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული მისია SpaceX-სთვის Crew Dragon-ის ერთ-ერთი ბოლო სადემონსტრაციო ფრენა იყო. ახლა NASA-სა და SpaceX-ის ინჟინრები ხომალდის ფრენისას შეგროვებული ინფორმაციის გაანალიზებას დაიწყებენ, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ფრენისას ადგილი რაიმე ანომალიას.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის, ახალი საეკიპაჟო ხომალდით პირველი ასტრონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სავარაუდოდ ივლისში გაემგზავრებიან
კომენტარები