Virgin Galactic-მა კოსმოსში პირველი მგზავრი გაიყვანა
კოსმოსური ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანია Virgin Galactic-მა ხომალდი VSS Unity კოსმოსში გუშინ მეორედ გაუშვა.
ხომალდზე ორ პილოტთან ერთად პირველი "საცდელი მგზავრი," Virgin Galactic-ის ასტრონავტების ინსტრუქტორი ბეთ მოზესი იმყოფებოდა. ბეთი Virgin Galactic-ის პირველი ქალი მფრინავია.
Virgin Galactic-ის კოსმოსური თვითმფრინავი სახელად VSS Unity კოსმოსში მგზავრების ხანმოკლე დროით გასაყვანადაა გათვლილი, ამ დროს ხომალდში არსებულ ადამიანებს, რამდენიმე წუთის განმავლობაში, უწონადობის შეგრძნების განცდა და დედამიწის კოსმოსიდან დანახვა შეუძლიათ.
Virgin Galactic-ის კოსმოსურმა თვითმფრინავმა დედამიწის ზედაპირიდან 80 კილომეტრის სიმაღლეს პირველად დეკემბერში მიაღწია.
NASA-სა და აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების კლასიფიკაციის მიხედვით, კოსმოსი სწორედ 80 კილომეტრის შემდეგ იწყება.
VSS Unity თავდაპირველად 13 კილომეტრის სიმაღლეზე სპეციალურმა თვითმფრინავმა აიყვანა. ამის შემდეგ VSS Unity თვითმფრინავს გამოეყო, მისმა ორმა პილოტმა ხომალდის ძრავი ჩართო და ხომალდი ზღვის დონიდან 90 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა, ეს ხომალდისათვის რეკორდული სიმაღლეა. ფრენის პროცესში VSS Unity-ს მაქსიმალური სიჩქარე ბგერისას სამჯერ აღემატებოდა.
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ხომალდზე ორი პილოტის გარდა კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. უწონადობაში ყოფნისას ბეთ მოზესი საკუთარი სავარძლიდან წამოდგა და ხომალდი შიგნიდან დაათვალიერა, ეს მისიის ნაწილი იყო, კომპანიას სურს დაადგინოს, თუ როგორ გამოცდილებას მიიღებენ მგზავრები VSS Unity-ით ფრენისას. თანაც, მოზესი მგზავრების მომზადებაში იქნება ჩართული, ამის გამო ეს მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.
ისევე როგორც დეკემბერში განოხრციელებული ფრენისას, ხომალდზე NASA-ს რამდენიმე ექსპერიმენტი იყო მოთავსებული.
აღნიშნული ფრენა VSS Unity-სათვის მეხუთე იყო, რომელშიც ხომალდმა ძრავები გამოიყენა.
ცდების დასრულების შემდეგ კომპანია ადგილმდებარეობას შეიცვლის და ის ნიუ-მექსიკოში გადაინაცვლებს, საიდანაც მომავალში კომერციული ფრენები განხორციელდება. ამის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, Virgin Galactic-ის დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი იმედოვნებს, რომ ის ზაფხულში ხომალდით ფრენას უკვე შეძლებს.
ხომალდზე ერთი ადგილის ფასი 250 000 დოლარს შეადგენს, კომპანიის თქმით, მას უკვე ასეულობით ბილეთი აქვს გაყიდული, მყიდველთა სიაში კი ჰოლივუდის ვარსკვლავებსა და სხვა მდიდარ ადამიანებს შეხვდებით. VSS Unity-ში მგზავრებისათვის ექვსი ადგილია განკუთვნილი
ულამაზესი კადრების ნახვისათვის კი გუშინდელი ფრენის ამსახველ ვიდეოს გთავაზობთ, როგორც ჩანს, კოსმოსური ტურიზმის ერა იწყება.
კომენტარები