ბილ გეიტსი: კლიმატის ცვლილებაში სოფლის მეურნეობას დიდი წვლილი მიუძღვის
"ვისურვებდი, რომ ხალხს მიმდინარე კლიმატური ცვლილებების მასშტაბები და მის შესაჩერებლად საჭირო შრომა და ძალისხმევა ცხადად ესმოდეს", - აცხადებს ბილ გეიტსი მის ყოველწლიურ წერილში, რომელიც საშაბათს გამოქვეყნდა.
ყოველ წელს ბილ გეიტსი და მისი ცოლი მელინდა სპეციალურ წერილს აქვეყნებენ, რომელშიც ისინი მათთვის სასიხარულო, უსიამოვნო და მოულოდნელ ამბებს განიხილავენ.
წერილში განხილული იდეები ხშირად მათი ინტერესის სფეროებით არის განპირობებული, რომელშიც შედის მსოფლიოში სიღატაკის დაძლევა, კლიმატის ცვლილებები და დაავადებებთან ბრძოლა.
ბილ გეითსი კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას მის მიერ შექმნილი ბილ და მელინდა გეიტსების ფონდისა და ჯგუფ Breakthrough Energy Ventures-ით (BEV) ცდილობს, რომელიც ბილ გეიტსის ხელმძღვანელობით შექმნილი მილიარდ დოლარიანი საინვესტიციო ფონდია.
ბილ გეიტსის თქმით კაცობრიობას ამჟამად ხუთი მთავარი გამოწვევა აქვს: სოფლის მეურნეობა, მშენებლობები, ელექტროენერგია, წარმოება და ტრანსპორტი. BEV კი სწორედ ამ სფეროებში მოღვაწე მეცნიერებისა და სტარტაპების დაფინანსებას ცდილობს.
გეიტსის თქმით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღების სფეროში პროგრესი შესამჩნევია. თუმცა ის აცხადებს, რომ არსებობს სათბურის გაზების ორი წყარო, რომელიც დიდწილად იგნორირებულია, ეს არის სამშენებლო მასალების წარმოება და სოფლის მეურნეობა.
ისეთი სამშენებლო მასალების წარმოებისას, როგორი არის ცემენტი და ფოლადი, დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი გამოიყოფა. თანაც, გეიტსის თქმით, 2060 წლისთვის მსოფლიოში შენობების რაოდენობა თითქმის გაორმაგდება.
სოფლის მეურნეობა კლიმატური ცვლილებების კიდევ ერთი დიდი წყაროა. მსხვილი რქოსანი საქონელი დიდი რაოდენობით გაზებს გამოყოფს, რაც ატმოსფეროზე დიდ გავლენას ახდენს.
"მზის ელემენტები და განახლებადი ენერგია მისასალმებელია, თუმცა საჭიროა ისეთ საკითხებზეც ვისაუბროთ, როგორიც სოფლის მეურნეობა და სამშენებლო მასალების მიღების სუფთა გზებია", - აცხადებს ბილ გეიტსი.
კომენტარები