დასაკეცი მოტოროლა ბრუნდება და აი, ასეთი შეიძლება იყოს
გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით, Lenovo და Verizon ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მობილურის, Motorola Razr-ის, იგივე V3-ის ახალი მოდელის წარდგენას აპირებენ.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანია Lenovo, რომელიც ბრენდ Motorola-ს ამჟამინდელი მფლობელია, Verizon-თან ერთად თებერვალში Motorola Razr-ის ახალ მოდელს წარადგენს, რომლის შიდა მხარეც, ღილაკების ნაცვლად, ერთი მთლიანი დასაკეცი ეკრანით იქნება აღჭურვილი.
ქვემოთ მოცემული ფოტო მას შემდეგ გავრცელდა, რაც მისი დიზაინი Motorola-მ მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში დაარეგისტრირა.
ახალი სმარტფონის ფასი სავარაუდოდ $1500-დან დაიწყება, რაც ძალიან ძვირია, თუმცა რეტრო სტილისა და სუპერ თანამედროვე დასაკეცი ეკრანის გათვალისწინებთ, ასეთ ფასს შესაძლებელია ახსნა მოეძებნებოდეს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დასაკეცი ეკრანის მქონე სმარტფონის შექმნაზე სამსუნგი უკვე დიდი ხანია მუშაობს, პირველი პროტოტიპი კი კომპანიამ საზოგადოებას 2018 წელს წარუდგინა, თუმცა ჩაბნელებულ სცენაზე რამდენიმე წამის განმავლობაში წარდგენილმა დაუსრულებელი შესახედაობის მქონე დასაკეცმა ეკრანმა, გასაგები მიზეზების გამო საზოგადოების აღტაცება ვერ შეძლო. ნოსტალგიით სავსე Razr-ის ახალი გაღუნვადი ეკრანის მქონე მოდელი კი, სამსუნგის მიერ წარმოდგენილი პროტოტიპისგან განსხვავებით, შესაძლოა სწორედ ის იყოს, რასაც ტექნოლოგიების მოყვარულები ელოდებიან.
2004 წელს გამოშვებული Motorola Razr 2007 წელს პირველი iPhone-ის გამოსვლამდე მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი მობილური ტელეფონი იყო. Motorola, 2011 წელს Google-მა იყიდა, ხოლო კომპანიის ის დეპარტამენტი, რომელიც მობილური ტელეფონების შექმნაზე იყო პასუხისმგებელი, გუგლმა 2014 წელს Lenovo-ს მიჰყიდა.
Motorola-მ 2011 წელს Razr-ის ორი ახალი მოდელი, Droid Razr M და Razr HD-ს გამოუშვა, თუმცა წარუმატებლად. კომპანიამ Razr-ის ახალი ვერსიის შესახებ ინფორმაცია 2016 წელსაც გაავრცელა, მაგრამ მას შემდეგ კომპანიას ამ საკითხზე განცხადება აღარ გაუკეთებია.
ახლა, საბედნიეროდ, დასაკეცი ეკრანის ტექნოლოგია უკვე საკმაოდ დახვეწილია, რაც შეიძლება ზუსტად ის კომპონენტი იყოს, რომელიც Razr-ის ბაზარზე დასაბრუნებლად არის საჭირო.
აღნიშნული ცნობების გადამოწმება Mashable-მ მოტოროლასა და Lenovo-სთან სცადა, თუმცა კომპანიების ოფიციალური წარმომადგენლისგან მათ პასუხად ქვემოთ მოცემული ვიდეო მიიღეს.
კომენტარები