რვაფეხები MDMA-ს მიღების შემდეგ ერთმანეთს რვავე საცეცით ეხუტებიან
რვაფეხებზე ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა რაც ვიცით, არის ის, რომ რვაფეხები საკმაოდ ასოციალური არსებები არიან. რვაფეხები დროს ძირითადად დამალვაში და სხვა რვაფეხების არიდებაში ატარებენ. თუ, რა თქმა უნდა, შეჯვარების სეზონი არ არის, რა დროსაც ისინი მცირე ხნით სოციალურები ხდებიან, შემდეგ კი ისევ მარტოსულ ცხოვრებას აგრძელებენ. ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ მათ MDMA არ აქვთ მიღებული.
სექტემბერში ჩატარდა უპრეცენდენტო კვლევა, რომლის ფარგლებშიც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რა მოხდებოდა, თუ ისინი ისეთ ასოციალურ არსებებს, როგორებიც რვაფეხები არიან, MDMA-ს მისემდნენ. MDMA-ს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ეფექტი სოციალური ურთერთოებების გამძაფრებაა.
მეცნიერებს სურდათ გაერკვიათ, ექნებოდა თუ არა ამ ნივთიერებას მსგავსი ეფექტი უხერხემლო რვაფეხებზე, რომელთა ტვინიც ჩვენისგან სრულად განსხვავდება.
რვაფეხების ასოციალური ცხოვრება ხშირად მათი ტვინის განსხვავებულ სტრუქტურასთან კავშირდებოდა, თუმცა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მათ ხერხემლიან ცხოველებთან უფრო მეტი საერთო ჰქონიათ, ვიდრე გვეგონა.
კვლევის ფარგლებში გაირკვა, რომ რვაფეხები MDMA-ს მიღების შედეგ ბევრად უფრო გახსნილები ხდებიან, მსგავსად ადამიანებისა.
"ისინი ძალიან მოშვებულები და ლაღები იყვნენ. ერთმანეთს კი რამდენიმე საცეცით ერთდროულად ეხებოდნენ", - აცხადებს ასისტენტი პროფესორი გიულ დოლენი.
მისი თქმით, რვაფეხების ყურება 8-საცეციანი ჩახუტების ყურებას ჰგავდა.
ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა რვაფეხები სამ ნაწილად დაყოფილ აკვარიუმში მოათავსეს, შემდეგ კი მათ გადაადგილებას დააკვირდნენ. აკვარიუმის ერთ მხარეს გალია იყო მოთავსებული, სადაც სხვა რვაფეხა იმყოფებოდა, აკვარიუმის მეორე მხარეს მყოფ ავზში კი სათამაშო ფიგურა იყო დამაგრებული. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ MDMA-ს ზემოქმედების ქვეშ რვაფეხებს უფრო მეტი დრო გალიაში მყოფ რვაფეხასთან უნდა გაეტარებინათ, ვიდრე სათამაშოსთან.
მართლაც, საკონტროლო ჯგუფის რვაფეხები უფრო მეტად აკვარიუმის მეორე მხარეს მოთავსებული სათამაშოთი იყვნენ დაინტერესებულნი, გალიაში მყოფ რვაფეხასთან კომუნიკაციას კი ერიდებოდნენ. ხოლო რვაფეხები, რომლებსაც MDMA ჰქონდათ მიღებული სათამაშოს აიგნორებდნენ და მეორე რვაფეხასთან აქტიურ კონტაქტში შედიოდნენ, უფრო მეტიც, ისინი გალიაში მყოფ რვაფეხას მოურიდებლად ეხუტებოდნენ.
დოლენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებისა და რვაფეხების ტვინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, კვლევა მიუთითებს, რომ ტვინის ის მექანიზმები, რომლის საშუალებითაც MDMA ხერხემლიანებზე (ადამიანები) მოქმედებს, წააგავს იმ მექანიზმებს, რომლების უხერხემლო რვაფეხებს გააჩნიათ.
ადამიანებში MDMA რეცეპტორ SERT-ს ებმის, ეს სეროტონინის რეცეპტორია, სეროტონინი კი ნეიროტრანსმიტერია, რომელიც ჩვენი ქცევის განსაზღვრაში იღებს მონაწილეობას. ექსპერიმენტი მიუთითებს, რომ რვაფეხებსა და ადამიანებს სეროტონინის მეტაბოლიზმის მსგავსი გზები გააჩნიათ.
ეს შედეგები შთამბეჭდავია, თუმცა აღნიშნულ საკითხზე კვლავ ბევრი კითხვა არსებობს და საბოლოო დასკვნების გამოტანამდე, ამ საკითხის უფრო ღრმად შესწავლაა საჭირო.
კვლევა ჟურნალ Current Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები