ალბათ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როდესაც ინტერნეტიდან გაურკვეველი წარმოშობის პროგრამა გადმოგიწერიათ და დაფიქრებულხართ, რამდენად უსაფრთხოა მისი ინსტალაცია. Microsoft-მა აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ახალი ფუნქცია შექმნა.

ფუნქცია Windows Sandbox ვინდოუსზე ხელმისაწვდომი მომავალ წელს გახდება და მისი საშუალებით აპლიკაციების გაშვებას იზოლირებულ ფანჯარაში შეძლებთ - თუ პროგრამა ვირუსის შემცველი აღმოჩნდება, ის თქვენს კომპიუტერს ვერაფერს ავნებს.

ფუნქცია ისეა შექმნილი, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო და სწრაფი იყოს - როდესაც პროგრამის გაშვებას მორჩებით, ვინდოუსის იზოლირებული ფანჯარა კომპიუტერიდან სრულად წაიშლება. Windows Sandbox-ით სარგებლობისთვის საჭიროა, რომ კომპიუტერის BIOS-ში ფუნქცია "ვირტუალიზაცია" გააქტიურებული გქონდეთ.

Windows Sandbox-ის გამოყენება Windows 10-ის Pro და Enterprise ვერსიებზე იქნება შესაძლებელი და ის განსაკუთრებით გამოსადეგი სხვადასხვა ბიზნეს სფეროებისთვის იქნება.

Windows Sandbox ყოველი ჩართვისას ვინდოუსის პატარა (100MB) ინსტალაციას ქმნის, რომელიც პროგრამას დამოუკიდებლად უშებს. ეს ინსტალაცია კომპიუტერზე დაყენებული მთავარი ოპერაციული სისტემიდან იზოლირებულია.

ახალი ფუნქციის შესახებ დეტალებს შეგიძლიათ Microsoft-ის ბლოგზე გაეცნოთ.