მობილური ოპერატორი ვიონი საქართველო (ბრენდი ბილაინი) საგანმანათლებლო ფონდ Educare Georgia-ს პროექტის, ხანის აკადემიის კომპიუტერული პროგრამირების უფასო კურსის ქართულად თარგმნის მხარდამჭერი გახდა.

ხსენებული პროექტის შედეგად, ქართულ ენაზე ითარგმნება და ადგილობრივ მოთხოვნებს მოერგება საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო რესურსის, კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების გაკვეთილები და ის უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება საქართველოში ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც პროგრამირების შესწავლა სურს.

დღეისათვის, მსოფლიოში კომპიუტერული პროგრამირების საფუძვლების ცოდნა, ფაქტობრივად, ისეთივე მნიშვნელოვანია თანამედროვე ადამიანის განათლებისთვის, როგორც წერა-კითხვის უნარი, საქართველოში კი პროგრამირების შესწავლისთვის ქართულენოვანი რესურსი არ არსებობს.

Educare Georgia-ს მიზანია ინტერნეტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, მსოფლიო დონის განათლება საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისათვის ხელმისაწვდომი გახადოს. ფონდი მუშაობს ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა: ქართულ ენაზე ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების შექმნა და თარგმნა; საქართველოში ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების პოპულარიზაცია; თანამედროვე ტექნოლოგიებით სარგებლობის სწავლება მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის; ინტერნეტისა და კომპიუტერის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ამ დროისათვის Educare Georgia-ს ნათარგმნი აქვს 1-დან მე-12 კლასის მათემატიკის მასალა, რაც მოიცავს 2,600 ვიდეოგაკვეთილსა და 70,000-მდე პრაქტიკულ სავარჯიშოს. მათემატიკის გაკვეთილების ქართულ ვერსიას უკვე 50,000-მდე მოსწავლე და მასწავლებელი მთელი საქართველოს მასშტაბით იყენებს.

ვიონი საქართველოს მიზანია, გაუმარტივოს მომხმარებელს ორიენტაცია ციფრულ სამყაროში და შესთავაზოს ისეთი პროდუქტები და მომსახურება, რომლებიც რეალურად დაეხმარებათ ადამიანებს მარტივად გადაჭრან ყოველდღიური საჭიროებები. კომპანიის პრიორიტეტია, რაც შეიძლება მეტ მომხმარებელს მიეცეს წვდომა ხარისხიან და ხელმისაწვდომ მობილურ ინტერნეტზე. შესაბამისად, ციფრული მიმართულებით განათლების ხელშეწყობა, კომპანიის სტრატეგიას პირდაპირ ეხმაურება.

ხანის აკადემია მსოფლიოში ერთერთი წამყვანი უფასო საგანმანათლებლო პლათფორმაა, სადაც წარმოდგენილია ათასობით ვიდეოგაკვეთილი და პრაქტიკული სავარჯიშო მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, კომპიუტერულ პროგრამირებაში, ეკონომიკაში, ხელოვნებაში და სხვა საგნებში.

ხანის აკადემიის ქართულენოვანი პლათფორმის სანახავად შეგიძლიათ მოცემულ ბმულს, ან ხანის აკადემიის YouTube-ის არხს ეწვიოთ.