ვოიაჯერ 2-მა მზის სისტემა უკვე ოფიციალურად დატოვა
41-წლიანი მოგზაურობის შემდეგ, ვოიაჯერ 2-მა მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში შეაბიჯა. ეს არის ადამიანის მიერ შექმნილი მეორე ხომალდი, რომელაც მზის სისტემა დატოვა. NASA-მ აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურ განცხადებაში უკვე დაადასტურა.
ვოიაჯერ 2 NASA-მ 1977 წლის 20 აგვისტოს, სატურნისა და იუპიტერის შესასწავლად ვოიაჯერ 1-ის გაშვებამდე 16 დღით ადრე გაუშვა. პირველადი მისიის წარმატებით შესრულების შემდეგ ვოიაჯერ 2-ის მისია გაგრძელდა და ის უკვე ურანისა და ნეპტუნისკენ გაემართა. მათი შესწავლის შემდეგ კი, 1989 წლიდან ვოიაჯერ 2-მა, მის ტყუპ ხომალდ ვოიაჯერ 1-თან ერთად გეზი ვარსკვლავთშორისი სივრცისკენ აიღო.
"ისტორიაში მეორედ, ადამიანის მიერ შექმნილმა ობიექტმა მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთშორის სივრცეში გაემართა. ვოიაჯერ 2 ჰელიოსფეროს საზღვრებს უკვე გასცდა", - ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ხომალდს მზის სისტემა "სრულად" ჯერ კვლავ არ დაუტოვებია - ვოიაჯერ 2 ვარსკვლავთშორის სივრცეში შევიდა, მან შეაღწია იმ რეგიონში, სადაც მზიური ქარი პრაქტიკულად ვეღარ აღწევს.
ვოიაჯერ 1-ის შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტის დადასტურებას თითქმის ერთი წელი დასჭირდა. თუმცა, ვოიაჯერ 2-ის გარშემო ჰელიოსფეროსთვის დამახასიათებელი ნაწილაკების რაოდენობა უკვე რამდენიმე თვეა, რაც იკლებდა, რის გამოც ცხადი იყო, რომ ის მზის სისტემას მალე დატოვებდა. დეკემბერში კი აღნიშნული ნაწილაკების რაოდენობამ კიდევ უფრო მეტად იკლო.
ვოიაჯერ 1-ისგან განსხვავებით, ვოიაჯერ 2-ის დაბალი ენერგიის მქონე ნაწილაკების აღმომჩენი ხელსაწყო კვლავ გამართულად მუშაობს, რაც ნიშნავს, რომ 40 წლის წინანდელი ხომალდისგან ვარსკვლავთშორის სირვცეზე ახალი ტიპის ინფორმაციის მიღებას შევძლებთ.
"ინფორმაცია, რომელსაც ახლა ვიღებთ სრულებით ახალია. ვოიაჯერ 1-მა ჰელიოსფერო 2012 წელს დატოვა, თუმცა ამ ხომალდზე გარკვეული ინსტრუმენტები მწყობრიდან იყო გამოსული. მსგავსი მონაცემები, რომელსაც ვოიაჯერ 2-სგან ვიღებთ, ამ დრომდე არ გვქონია", - აცხადებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერი ჯონ რიჩარდსონი.
ვოიაჯერი ხომალდზე განთავსებული ოქროს ფირფიტით არის ცნობილი, რომელზეც დედამიწის ხმები და სურათებია ჩაწერილი.
კომენტარები