სამსუნგის დასაკეცი სმარტფონი და ეკრანქვეშა სენსორებით აღჭურვილი ახალი Galaxy S10
2019 წელს სამსუნგი Galaxy S10-ის სამ სხვადასხვა მოდელსა და დიდი ხნის წინ დაანონსებულ დასაკეც სმარტფონს გამოუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
წყაროს მიხედვით, Galaxy S10-სა და S10 Plus-ს OLED ტექნოლოგიის ეკრანი ექნება, რომელშიც თითის ანაბეჭდის სენსორია ინტეგრირებული. ეკრანში ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სენსორი სხვადასხვა ჩინურ სმარტფონებში რამდენჯერმე უკვე ვნახეთ, თუმცა რომელიმე ცნობილ მწარმოებელს აღნიშნული ტექნოლოგია ჯერ არ გამოუყენებია.
S10-ს სამი უკანა კამერა ექნება, წინა კამერა კი ეკრანის ქვეშ იქნება ჩამონტაჟებული. ზუსტად რა ტექნოლოგიით გაერთიანდება კამერა ეკრანთან ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამსუნგი პატარა ხვრელების მქონე ეკრანის შექმნაზე მუშაობს, რომელშიც კამერა იქნება მოთავსებული.
Bloomberg-ის წყაროს მიხედვით, სამსუნგის მიერ შექმნილ S10-ის პროტოტიპს ყურსასმენის ჯეკი არ აქვს, თუმცა აღნიშნული ჯეკის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კომპანიას სავარაუდოდ ჯერ არ მიუღია.
S10-ის მესამე მოდელი სავარაუდოდ შედარებით ნაკლებფასიანი იქნება, რომელშიც ანაბეჭდის სენსორი ეკრანის ნაცვლად სმარტფონის გვერდზე იქნება განთავსებული.
Galaxy S10-ს მეხუთე თაობის ქსელის (5G) გამოყენების საშუალება ექნება, რომელიც 4G-ზე უფრო სწრაფი და სანდოა. გავრცელებული ინფორმაციით სამსუნგი კომპანია Verizon Wireless-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ამერიკის ბაზარზე ახალი სმარტფონის 5G მოდელი ხელმისაწვდომი გახადოს.
Bloomberg-ის სტატიაში ასევე ნახსენებია ტელეფონი, კოდური სახელწოდებით "Winner". ეს ის დასაკეცი სმარტფონია, რომლის ბაზარზე გამოჩენასაც უკვე დიდი ხანია უამრავი ადამიანი ელოდება. წყაროს ცნობით, Samsung-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ახალი ტელეფონი ვერტიკალურად უნდა დაიკეცოს, თუ ჰორიზონტალურად. დასაკეცი სმარტფონის ეკრანში ტექნოლოგიური სირთულეების გამო თითის ანაბეჭდის სენსორი ჩამონტაჟებული არ იქნება. გავრცელებული ცნობებით სმარტფონს დაკეცილ მდგომარეობაში ოთხ-ინჩიანი ეკრანი ექნება, გახსნისას კი ეკრანის ზომა დაახლოებით შვიდ ინჩს მიაღწევს.
როგორც ჩანს, 2019 წელი სამსუნგისთვის სიახლეებით იქნება დატვირთული.
კომენტარები