ილონ მასკმა პირდაპირ ეთერში მარიხუანა მოწია და ელექტრო თვითმფრინავებზე ისაუბრა
ჯო როგანთან ჩაწერილ ორ საათიან პოდკასტში ილონ მასკმა ელექტრო თვითმფრინავებზე, ტესლაზე, SpaceX-ზე, თავის კარიერაზე და სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა. პოდკასტის განმავლობაში წამყვანი და მისი სტუმარი ვისკის სვამდნენ, შემდეგ კი მათ მარიხუანაც მოწიეს.
"თვითმფრინავის დიზაინი მზად მაქვს" - განაცხადა ილონ მასკმა. ის თვლის, რომ მის მიერ ჩაფიქრებულ ელექტრო თვითმფრინავს უამრავი უპირატესობა ექნება, მას ვერტიკალურად აფრენა, დაჯდომა და ზებგერითი სიჩქარით ფრენა შეეძლება.
თუმცა, ტესლას და SpaceX-ის დამფუძნებელმა აღიარა, რომ ელექტრო თვითმფრინავები ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტი არ არის.
"ელექტრო მანქანები მნიშვნელოვანია, მზის ენერგია და ეფექტური ელემენტების შექმნაც მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ელექტრო ენერგიაზე მომუშავე ზებგერითი თვითმფრინავი." - ამბობს მასკი.
კალიფორნია ერთ-ერთი შტატია, რომელშიც მარიხუანას რეკრეაციული მოხმარება ლეგალურია. თვითმფრინავებზე საუბრის დროს ჯო როგანმა თავის სტუმარს კანაფი შესთავაზა. მასკმა იკითხა შეიძლებოდა თუ არა მოწევა კალიფორნიაში, თანხმობის შემდეგ კი მან მარიხუანა გასინჯა.
"ელექტრო თვითმფრინავებს ფრენა რაც შეიძლება მაღალ სიმაღლეზე უნდა შეეძლოთ, თუმცა პრობლემა ამ სიმაღლის მიღწევაა. ამისთვის გარკვეული ზომის ელემენტებია საჭირო. შესაბამისი სიმაღლის მიღწევის შემდეგ თვითმფრინავი ჰაერში ძალიან ცოტა ენერგიას იყენებს. ხოლო თვითმფრინავის დაშვებისას კი ენერგიის რეგენერაციაც არის შესაძლებელი." - ამბობს მასკი.
მან განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"ნავთობის სახით ჩვენ მიწიდან უზარმაზარი რაოდენობის ნახშირბადს ვიღებთ, რომელსაც საბოლოოდ ატმოსფეროში ვუშვებთ. ეს ძალიან საშიშია. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ სუფთა ენერგიის წყაროებზე. ძალიან მალე დედამიწაზე ნავთობის მარაგი ამოიწურება. ჩვენ ვიცით, რომ ამის შენარჩუნება შეუძლებელია, თუმცა ამის შესაცვლელად არაფერს ვაკეთებთ" - ამბობს ილონ მასკი.
კომენტარები